"ოცნება" ტერორისტების ორგანიზაციაა... ისინი საქართველოს უნდა მოსცილდნენ - ილიაუნთან საპროტესტო აქცია იმართება, ადგილზე პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა
ამ წუთებში ყურადღების ცენტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შენობის წინ თათია აფრიამაშვილის და ლიკა ლორთქიფანიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ილია სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ ახალგაზრდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებიც შეუერთდნენ. მოქალაქეებმა ადგილზე საპროტესტო ბანერი გაშალეს, წარწერით - "ძირს რუსი მონები". პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები ორი ახალგაზრდა გოგოს გათავისუფლებას მოითხოვენ.
როგორც მოქალაქეები "პირველებთან" ამბობენ, საპროტესტო შეძახილებისთვის ადამიანების დაკავება ყოვლად დაუშვებელია. მათივე თქმით, "ქართული ოცნება", რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად იქცა, ახალგაზრდობას ანადგურებს.
- მშვიდობიანი დემონსტრანტები გეგმავენ, რომ მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართონ და პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
დღეს არის 184-ე დღე. დღეს არის დამატებით 19 წლის სტუდენტების დაპატიმრების დღე. "ოცნება" არ არის პარტია. ეს არის ტერორისტების ორგანიზაცია, რომელიც ქართველ ახალგაზრდობას ანადგურებს. მე არ მაქვს მორალური უფლება, გავჩუმდე და ჩემი ხმა არ დავაფიქსირო. კრემლისტურ ტერორისტული ორგანიზაცია საქართველოს მოსახლეობამ უნდა მოიშოროს. სკამები კი არ უნდა დატოვონ, უნდა წაბრძანდნენ ჩინეთში, ირანში, თუ მიიღებენ. ტერორისტები უნდა მოსცილდნენ საქართველოს". - განაცხადა მოქალაქემ.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების უპრეცედენტო მობილიზებაა. პოლიციელებს კორდონი აქვთ გაკეთებული.

შეგახსენებთ, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო. ასევე, აქტივისტი თათია აფრიამაშვილი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 12 დღიან პატიმრობაში გაუშვა.
საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს.
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებდნენ აქტივისტები.