დღეს სასამართლო სრულ აბსურდში იყო შესული... მოსამართლეს პოლიტიკური დავალება ჰქონდა მიღებული - კონდახაშვილი
"დღეს სასამართლო სრულ აბსურდში იყო შესული" - ასე აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ნიკა მელიას პროცესს ოთხ კედელში გამომწყვდეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი.
გიორგი კონდახაშვილი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ბრალი "აბსურდული მუხლით" წაუყენეს და საბოლოოდ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემაც პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.
დღეს სასამართლო სრულ აბსურდში იყო შესული. თუნდაც გირაოს გადაუხდელობის გამო ნიკასთვის პატიმრობის შეფარდება ამ მოცემულობიდან გამომდინარეც იყო შეუძლებელი. ნიკას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გუშინ, 12 საათის ჩათვლით გადაეხადა გირაოს თანხა. როდესაც ის მოიტაცეს, არათუ გირაოს გახადა, არამედ ადვოკატთან კომუნიკაციის საშუალებაც კი არ ჰქონდა. სამართლებრივადაც კი ვერ დაადასტურა პროკურორმა, საიდან იცოდნენ წინსწრებით, რომ ნიკა მელიამ შეგნებულად თქვა უარი გირაოს გადახდაზე. მოსამართლეს პოლიტიკური დავალება ჰქონდა მიღებული. ამ აბსურდულ მუხლზე გამოიყენა პოლიტიკური პატიმრობა." - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ნიკა მელია წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. საქმე არსებით განხილვაზე გადადის. შემდეგი სასამართლო სხდომა ირაკლი შვანგირაძემ 12 ივნისს ჩანიშნა.
იქამდე, ვიდრე გისოსებს მიღმა ნიკა მელიას გამოამწყვდევდნენ, ხელბორკილები მის თანაგუნდელს, ზურაბ ჯაფარიძეს დაადეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს რეჟიმი ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს არგადახდას ედავება.