ბაჩიაშვილი ივანიშვილის პირადი მძევალია - ყოფილი მოსამართლეები

01.06.25 13:28
ბაჩიაშვილი ივანიშვილის პირადი მძევალია - ყოფილი მოსამართლეები

ყოფილი მოსამართლედავით ჯუღელი ფიქრობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის პირადი მძევალია. ამ დასკვნის გამოტანის საფუძველს მას ის გარემოებები აძლევს, რომლითაც ოლიგარქის მილიონების ყოფილი მმართველის გატაცება მოხდა. ჯუღელის თქმით, ის ფაქტი, რომ მოსამართლემ ბაჩიაშვილის გატაცების ამბავზე გამოძიება არ დაიწყო, უკვე ცხადყოფს, ვინ იყო ამ დანაშაულში ჩართული.

ვფიქრობ, რომ ნამდვილად პირადი მძევალია. ის კასკადი დარღვევების, რაზეც მიუთითებს არა მხოლოდ ბატონი ბაჩიაშვილი, არამედ ის, რაც არსებობს საქმეში და მინიმალური სტანდარტის არდაცვა იმ განცხადებებთან მიმართებაში, რაც მან გააკეთა ოფიციალურად თუნდაც სხდომაზე, არდაწყება გამოძიების ან იმ სტრუქტურისთვის გამოძიების დავალება, რომელსაც ბრალს სდებს ბაჩიაშვილი, რომ მოიტაცეს, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს ადამიანი პირადი მძევალია ივანიშვილის და ამ ხელისუფლების, - ამბობს ყოფილი მოსამართლე დავით ჯუღელი. 

 უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თამარ ლალიაშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების საქმეს პროკურატურა არ გამოიძიებს და პირიქით, მომხდარის კვალის წაშლასაც კი შეეცდება. 

ძალიან ბევრი ადამიანია მონაწილე დაწყებული იმ თვითმფრინავით და დამთავრებული ყველა პერსონაჟით, რომელმაც, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რა ხდებოდა და ვის თამაშს თამაშობდნენ. არ გვაქვს იმედი, რომ პროკურატურა ამას გამოძიებს, ეს გამორცხულია. პირიქით, შეეცდება, რომ ყველა კვალი წაშალოს, თუმცა ვხედავთ, რომ ეს კვალი არ იშლება და ეს ბუნებრივიც არის. როდესაც სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე ყოველთვის რჩება აქტიური და პასიური კვალი, - ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თამარ ლალიაშვილი. 

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა. ანრი ოხანაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ოლიგარქის მილიონების  ყოფილი მმართველი, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მთელს  მსოფლიოში ეძებდა, საქართველოდან რამდენიმე კილომეტრში, წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ. მწვანე ზონაში სეირნობდა. 

გიორგი ბაჩიაშვილმა დუმილი სასამართლო პროცესზე დაარღვია. მან სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს.