"შსს გაუმართლებლად ერევა მედიის საქმიანობაში... ეს ჟურნალისტებზე პირდაპირი თავდასხმაა" - უფლებადამცველები
"ეს არის თავდასხმა მედიაზე და ხალხის საინფორმაციო ვაკუუმში მოქცევის მცდელობა" - ასე ეხმაურებიან უფლებადამცველები ჟურნალისტების დაჯარიმებას და გასაჩივრების მიუხედავად ჯარიმების ძალაში დატოვებას.
იურისტი ნიკა სიმონიშვილი "პირველებთან" პირდაპირ ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ჟურნალისტებს აჯარიმებდნენ.
მისივე თქმით, მედიის წარმომადგენლებს იმის გამო სჯიან, რომ საპროტესტო აქციებს აშუქებენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუმართლებლად ერევა მედიის საქმიანობაში და მათ თავისუფლებაში", - ამბობს სიმონიშვილი.
მათ თავიდანვე იცოდნენ ვის აჯარიმებდნენ. ძალიან კარგად იცოდნენ ვინ არიან ეს ადამიანები, მათ ეს შეგნებულად გააკეთეს. პრინციპში ის გადაწყვეტილებაც, რაც მერე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო, რომ არ აკმაყოფილებენ ამ საჩივრებს ესეც ბუნებრივია, იმიტომ რომ მათ ეს გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდათ მიღებული, რომ ყველაფრის ფასად ეს ადამიანები დაეჯარიმებინათ.
ახლა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო უკან არაფერზე აღარ იხევს და ბოლომდე რქებით აწვება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულად გაუმართლებლად ერევა მედიის საქმიანობაში, მათ თავისუფლებაში და მიზანი სწორედ არის ის, რომ სამიზნეებში ამოიღონ, არამარტო ის ადამიანები, ვინც აპროტესტებენ, არამედ ის ადამიანებიც ვინც ამას აჩვენებს საზოგადოებას. შსს- ს უნდა, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს, როგორც საპროტესტო სივრცე, ასევე შეზღუდოს ის სივრცე, როგორც გაშუქდება ეს პროტესტი ", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე, მამუკა ანდღულაძე ჟურნალისტებისთვის გამოწერილ ჯარიმებს "მედიაზე პირდაპირ თავდასხმას" უწოდებს. მისი თქმით, "ქართულ ოცნების" მთავარი მიზანია, რომ არ გაშუქდეს რეალურად, რა ხდება აქციაზე და ამის შესახებ მოსახლეობას სრული ინფორმაცია არ მიეწოდოს.
ქართული ოცნება" ყველანაირად უკანონო და არაკონსტიტუციური მეთოდებით უპირდაპირდება და ებრძვის დამოუკიდებელ მედიას. ათეულობით საქმეა, რა თქმა უნდა, მსგავს უკანონობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს არის პირდაპირ თავდასხმა, როგორც მედიაზე, ასევე მთავარი მიზანი არის, რომ მოსახლეობამ არ მიიღოს ინფორმაცია თუ რა ხდება აქციებზე", - ამბობს მამუკა ანდღულაძე.
საპროტესტო აქციებზე დაჯარიმებული ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს უსამართლო მიდგომებში ადანაშაულებენ - ჟურნალისტები, აცხადებენ რომ გზის გადაკეტვის გამო გამოწერილი ჯარიმები გაასაჩივრეს, თუმცა არც ერთ მათგანს საჩივარი არ დაუკმაყოფილდა. მედიის წარმომადგენლები აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ახლა სასამართლოში აპირებენ.