გდდ-ის ახალი შეფი, ენმ-ის მმართველობის დროს, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული

10.06.25 12:29
გდდ-ის ახალი შეფი, ენმ-ის მმართველობის დროს, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული

ვინ არის რომან ქარცივაძე, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა?

სანქცირებულმა ზვიად ხარაზიშვილმა (ხარება) თანამდებობა დღეს დატოვა. 

ოფიციალური ინფორმაციით, რომან ქარცივაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის N76 განკარგულების მიხედვით, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

ამასთან, დღესვე ოფიციალურად გაირკვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ მარიამ ტაბატაძე დაინიშნა. ეს უკანასკნელი ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.

უწყებამ 9 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებია:

  • ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა;
  • ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე;
  • ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორიდან თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე გადაინაცვლა;
  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე დაინიშნა;
  • თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
  • კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
  • ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;
  • ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
  • სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
  • იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
  • შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი.

მსგავსი სიახლეები