თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევება - შსს-ში პირველი კომენტარი კეთდება
თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით, შსს-ში პირველი კომენტარი კეთდება - როგორც მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ბრიფინგზე ირწმუნებოდა, ბათუმელი მედროშის საქართველოდან გაძევება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა.
დარახველიძის თქმით, გაფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების შესაძლებლობით, სწორედ ამიტომ მოხდა მისი იძლებითი გაძევება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიციები. ასევე, დაცვის მხარემ დროებითი ღონისძების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გაფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისდა", - განაცხადა დარახველიძემ.
თურქეთში დეპორტაციის შემთხვევაში თემურ ქათამაძეს პატიმრობა ემუქრება – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ბათუმელებმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ თემურ ქათამაძეს თურქეთში FETO-სთან კავშირის საბაბით პატიმრობა ემუქრება, ადვოკატმა შეძლო, ოფიციალურად მოეპოვებინა იქ მიმდინარე გამოძიების საქმის მასალები, რომლებიც ადასტურებს როგორც მის მიმართ დაწყებული გამოძიების ფაქტს, ასევე დაპატიმრებას ზემოხსენებული საფუძვლით.
SJC-ის თანახმად, საქმის მასალების მიხედვით, თემურ ქათამაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რაც შეიარაღებულ ორგანიზაციაში წევრობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ათ წლამდე ვადით.
პრაქტიკაში სწორედ ამ მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს თურქეთში ფეთულა გიულენის მოძრაობის წევრების პოლიტიკური დევნა.