სოლიდარობა ციხეში მყოფ ბიჭებს - ძმები ჭოხონელიძეები გუშინ მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებენ

14.06.25 00:37
სოლიდარობა ციხეში მყოფ ბიჭებს - ძმები ჭოხონელიძეები გუშინ მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებენ

მომღერლები, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები განცხადებას ავრცელებენ, სადაც 12 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირბით პოზიციას აფიქსირებენ. 

  • საქმე ეხება თსუ-ს თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ კონცერტს, რომელშიც ძმები ჭოხონელიძეები, ასევე მომღერალი ზუკა ხუციშვილი მონაწილეობდა. კონცერტის პარალელურად, თსუ-ს 1-ელი კორპუსის მიმდებარედ 21 წლის მათე დევიძის მხარადმჭერი აქცია მიმდინარეობდა. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი სტუდენტი სცენაზე ავიდა და მომღერლებს სთხოვა, სოლიდარობა გამოეცხადებინა 21 წლის სტუდენტისთვის, თუმცა კონცერტზე მათე დევიძე მომღერლებს არ უხსენებიათ და გამოსვლა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეს. 

"ჭოხოები" დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ მათთვის უცნობი იყო, თუ მათი კონცერტის პარალელურად თსუ-ს წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. 

მომღერლები წერენ, რომ თსუ-ს თვითმმართველობასთან მათი ურთიერთობა დასრულებულია.

მოგესალმებით, ზოგადად აქტიურობით, პოსტებით და მოწოდებებით არ გამოვირჩევით, თუმცა გუშინდელ ამბავს უპასუხოდ არ დავტოვებთ.  პრიველ რიგში  ყველას ბიჭებს, ვინც არიან დღეს პატიმარობაში ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა, ეს ესე იყო ყოველთვის და ესეა დღესაც!

მეორე, ჩვენ ქართული- ტრადიციული ღირებულებებით გავიზარდეთ და ჩვენი ნატალიასთვის და დღეს უკვე უფრო დიდი ოჯახისთვის ვარსებობთ რაც თავი გვახსოვს.

ასევე, სოც.ქსელებში და მსგავს პლატფორმებზე  პოლიტიკურ ამბებში გარევას ყოველთვის ვერიდებოდით, რადგან საქართველოში შეუძლებელია რაიმე აზრი გქონდეს და რომელიმე მხარეს არ მიგაკუთვნონ, თუმცა ქმედებით ყოველთვის ვაფიქსირებდით ჩვენს გულიდან წამოსულ სიტყვას აქციაზე გასვლით, კონცერტების გაუქმებით თუ ზოგადად ჩვენი აზრის დაფიქსირებით საზოგადოებაში.

ადრეც ჩაგვიტარებია კონცერტი არაერთ უნივერსიტეტში და მათ შორის თსუშიც. რაც შეხეება გუშინდელ დღეს ერთ-ერთი რიგითი კონცერტი დაიგეგმა სტუდენტებისთვის. სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირდებით და დღევანდელი გადმოსახედიდან როგორც ვვარაუდობთ, იქ მყოფმა ადმიანებმაც არ იცოდნენ აღნიშნული სიტუაციის შესახებ რადგან კონცერტის განმავლობაში მსგავსი არაფერი იგრძნობოდა. 

თსუს თვითმართველობასთან ჩვენი ურთიერთიბა დასრულებულია და თსუში ეს ჩვენი ბოლო ღონისძიებაა, ვფიქრობთ ყველასთვის გასაგებია რატომაც. კონცერტის ბოლოსკენ იყო ის ამბავი ბიჭი რომ ამოხტა და ვერავინ ჩვენით დაწყებული ბენდით დამთავრებული ვერ გაიგო რა უნდოდა, არაფერი ისმოდა  და ამიტომ გავაცილეთ სცენიდან. მიკროფონი კიდევ ჩვენს კონცერტზე ყველასია და ვინც ყოფილა იცის რომ მიკროფონი სულ ჩამოტარებითაა ხოლმე, თუმცა შესაბამისი ფორმაა საჭირო.

ერთი რაღაცაც ვერ გავიგეთ, სცენასთან ვიდექით 2 საათი კონცერტის დაწყებამდე, თუ სიკეთით მოსული ადამიანი იყო მანამდე მოსულიყო კაცურად და ეთქვა ბიჭებო აქციაა რა დროს კონცერტიაო და გავუგებდით, ათასჯერ გაგვიუქმებია მსგავსად კონცერტი, მაგრამ ალბათ რეიტინგი არ დაიწერებოდა, საწყენია.

“სირცხვილიას” გოგოებს რაც შეეხებათ, თუ იცოდით რაც ხდებოდა და კონცერტზე მოხვედით ეგ უფრო დიდი სირცხვილია ჩემო კარგებო. ჩვენს პატარა და დიდგულა საქართველოს დიდება,მშვიდობა და ერთიანობა, რაც ყველაზე მეტად გვაკლია!

ჩვენს საყვარელ ქართველებს კი ერთს ვურჩევთ, კაცი წაბორძიკებული არაა ჩაწიხვლას რომ იწყებთ, ერთის საშველად მეორეს წიხლავთ. არამგონია კარგი მიდგომა იყოს ან რომელიმე გაგებით გამართლებული!

და ბოლოს,  ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს, სანამ ერთად ვართ ყველაფერი მაგრად იქნება და ყველაფერი გაივლის!! 

პ.ს კიდევ გვინდოდა რაღაცეების დაწერა, ზრდილობა და აღზრდა არ გვაძლევს საშუალებას. 

მადლობა ყურადღებისთვის". - წერია განცხადებაში. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში ძმებმა ჭოხონელიძეებმა და ზუკა ხუციშვილმა კონცერტი პროტესტის ფონზე გამართეს.

მომღერლებს ადგილზე შეკრებილთა ნაწილი სთხოვდა, რომ მათე დევიძისათვის 4 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე კომენტარი გაეკეთებინათ, თუმცა მათ დამსწრე საზოგადოების თხოვნა არ გაითვალისწინეს. 

"ჩემი მეგობარი დაიჭირეს, ოთხ წელიწად-ნახევრით ჩასვეს. გთხოვთ, ერთი სიტყვა თქვით" - მიმართავდა სინდისის პატიმრის მხარდამჭერი ძმებ ჭოხონელიძეებს.

ფაქტმა, რომ მომღერლებმა მოქალაქეების თხოვნა დააიგნორეს და ღონისძიება ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს, შეკრებილთა ნაწილში გაღიზიანება გამოიწვია. "სირცხვილია" - სკანდირებდნენ თსუ-ს მეორე ეზოში მყოფი ადამიანები. 

მსგავსი სიახლეები