არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს - კახიძე
არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს - ასე პასუხობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტის თამთა კახიძე კუპრაშვილის უწყების მოთხოვნას, მათი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების ინფორმაცია მიაწოდონ.
კახიძის თქმით, "ოცნებას" სურს, მათი ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია ჩაიგდონ ხელში, რასაც არ დაუშვებენ.
ჩემი ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ ხუთიდან, რომლის წინააღმდეგაც რუსული კანონის აღსრულება დაიწყო. რაჟდენ კუპრაშვილისგან მივიღეთ წერილი, რომლითაც მოთხოვნილია ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების შესახებ ინფორმაცია: მათი სახელები, გვარები, პირადი ნომრები, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია.
ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფომ დაჩაგრა და ჩვენთან მოვიდნენ საშველად. აქციების დროს, ორგანიზაციის იურისტებს საპყრობილეებში ნაწამები ადამიანები ხვდებოდნენ, დასახიჩრებული და დასისხლიანებული.
დავხმარებივართ საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ უამრავ ადამიანს. ჯამურად TI-მ 2011-2024 წლებში 25 522 სახელმწიფოსგან დაჩაგრულ ადამიანს გაუწია იურიდიული დახმარება.
რაჟდენ კუპრაშვილს სურს, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების ინფორმაციები სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდეს.
ჩვენი პასუხი: „ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს, - წერს კახიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას.
მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს არ აპირებენ, თუნდაც ამას ორგანიზაციების დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს.
ერთობლივ განცხადებას უერთდებიან: "საფარი", "ღია საზოგადოების ფონდი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "მომავლის აკადემია", " ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საქართველოს ევროპული ორბიტა“.