საუკუნის გაქცევის საქმე - სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი იწყება
საუკუნის გაქცევის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი იწყება. ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის საქმეს მოსამართლე ჯვება ნაჭყებია განიხილავს.
გიორგი ბაჩიაშვილი საბადრაგო სამსახურმა უკვე შეიყვანა სასამართლოს სხდომათა დარბაზში.
დღეს პროცესზე ჩვენება უნდა მისცეს შოთა ქარუმაძემ, მძღოლმა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის კვეთაში დაეხმარა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა. ანრი ოხანაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ოლიგარქის მილიონების ყოფილი მმართველი, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მთელს მსოფლიოში ეძებდა, საქართველოდან რამდენიმე კილომეტრში, წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ. მწვანე ზონაში სეირნობდა.
გიორგი ბაჩიაშვილმა დუმილი სასამართლო პროცესზე დაარღვია. მან სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს.
გიორგი ბაჩიაშვილი აბუდაბიდან მისი საქართველოში იძულებით დაბრუნების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს , თუმცა უშედეგოდ.