ჯილდო ერთგულებისთვის - ყოფილი მოსამართლეები სისტემაში გაზრდილ ხელფასებზე

"ქართული ოცნების" ინიციატივით, სანქცირებული მოსამართლე, მიხეილ ჩინჩალაძე და მისი გარემოცვის მოსამართლეები პოსტებს 5 წლის ნაცვლად 10 წლით დაიკავებენ. იზრდება მათი ხელფასებიც.
დაანონსებულ ცვლილებებს ყოფილი მოსამართლეები ეხმაურებიან.
სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია ბაქრაძე ამბობს, რომ "ჩინჩალაძე და სხვა მოსამართლეები თავიდანვე უვადოდ ერთი დავალებით იყვნენ დანიშნულები, რომ სასამართლო მოქმედი ხელისუფლების სამსახურში ჩაეყენებინათ ".
ეს არის აშკარა დემონტრაციული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვენ კი არ მივყვებით ევროკომისიის რეკომენდაციებს, არამედ ჩვენ ვიქცევით ზუსტად იმის საწინააღმდეგოდ, რასაც გვეტყვიან. ჩინჩალაძე და სხვა პირები, სასამართლოს თავმჯდომარეები არიან არა 5 წელი და ან 2 წელი, არამედ, რაც ისინი სასამართლოში არიან, სულ არიან ამ პოზიციაზე. იმიტომ, რომ ისინი თავიდანვე ამ დავალებოთ, ამ მისიით იყვნენ მოვლენილნი, რასაც ასრულებდნენ - რა არის ეს ფუნქცია, ეს არის სასამართლოს ჩაყენება მოქმედი ხელისუფლების სამსახურში. მაგრამ ამ საკანონმდებლო ცვლილებების მოტივატორი რა შეიძლება ყოფილიყო - ეს არის უბრალოდ შიდა სიტუაციური მოწესრიგება", - განაცხადა მაია ბაქარაძემ.
მოსამართლეების ანაზღაურება იზრდება - „ქართული ოცნების“ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საქალაქო, რაიონული, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების თვიური ანაზღაურება ორჯერ და მეტად იზრდება.
თუ აქამადე მათი მინიმალური ხელფასი 4000 ლარი იყო, ცვლილებების მიხედვით, თითოეული მოსამართლის ხელფასი 10 000 ლარზე მეტი იქნება.
ხელფასები ეზრდებათ, მათ შორის, აშშ-ის, ბრიტანეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ სხვადასხვა დროს სანქცირებულ მოსამართლეებს, მათ შორის ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძესა და ირაკლი შენგელიას.
"ოცნების" კანონპროექტის მიხედვით, ასევე იცვლება მივლინების წესებიც - მაგალითად, აქამადე ხელისუფლებას შეეძლო მივლინებით გაეგზავნა მოსამართლე ნებისმიერ კუთხეში დაახლოებით 3 წლის განმავლობაში. ახლა კი შეუძლიათ, მოსამართლე საკუთარი სურვილის გარეშე სხვა საქალაქო თუ რაიონულ სასამართლოში მიავლინონ და 5 წლით გაამწესონ.