ლევან ჯანგველაძის ოჯახი საქმიდან პროკურორ გია შაიშმელაშვილის ჩამოშორებას ითხოვს

თბილისის ცენტრში ჩაცხრილული ლევან ჯანგველაძის ოჯახი საქმიდან პროკურორ გია შაიშმელაშვილის ჩამოცილებას ითხოვს. ბიზნესმენის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ გია შაიშმელაშვილი განზრახ არ იძიებს შეკვეთილი მკვლელობის საქმეს.
ოჯახის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმე, ამ დრომდე არ კვალიფიცირდება, როგორც შეკვეთილი მკვლელობა.
უფლებადამცელის თქმით, პროკურორის მიზანია, საქმეში მხოლოდ მკველობის ბრალდებით დაკავებული გელა უძილაურის და მკვლელობის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული სანდრო წივწივაძის გვარი ფიგურირებდეს, მკვლელობის შემკვეთები კი საქმიდან ჩაიხსნან.
ტარიელ კაკაბაძე საუბრობს ასევე შსს-ს უმოქმედობაზე, მისი თქმით, გეკა გელაძის უწყებას დაუყოვნებლივი რეაგირება რომ მოხედინა, ახლა საქმეში იდებოდა მთავარი მტკიცებულებები - საუბარია დანაშაულის იარაღზე და მობილურ ტელეფონზე, რომლითაც გელა უძილაური მკვლელობის დღეს სავარაუდო დამკვეთებს ესაუბრებოდა.
მოკლული ბიზნესმენის ოჯახი საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვს და გიორგი გვარაკიძისგან ითხოვს, პირად კონტროლზე აიყვანოს "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობის საქმე.
როდესაც სანდრო წივწივაძე დააკავეს, ბრალდების დადგენილებაში პროკურორმა, ბატონმა გია შაიშმელაშვილმა ჩაუწერა, რომ თითქოს სანდრო წივწივაძემ გადასცა იარაღი გელა უძილაურს და ამ იარაღით გელა უძილაურმა ეს დანაშაული ჩაიდინა. სინამდვილეში, არ არსებობს საქმეში არცერთი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად სანდრო წივწივაძემ გადასცა იარაღი გელა უძილაურს. უფრო მეტიც, საერთოდ მათი კავშირი ერთმანეთთან არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. შესაბამისად, რატომ ჩაწერა მსგავსი რამ ბრალდების დადგენილებაში პროკურორმა? მიზანი ერთია, რომ საქმის გამოძიება არ მოხდეს, საქმიდან ამოირიცხონ მკვლელობის შემკვეთები და სქემა იყოს მარტივი - წივწივაძე, უძილაური და კონკრეტული ქმედება. ასევე, იმ შემთხვევაში თუ, ამ მკვლელობის შემდეგ, პოლიცია იმოქმედებდა სწრაად, ეფექტურად, მყისიერად, ჩვენ გვექნებოდა მოცემულობა, რომ საქმეში იქნებოდა ჩადებული მკველოლობის იარაღიც და ტელეფონიც, რომლითაც გელა უძლაურს კომუნიკაცია ჰქონდა მკვლელობის სავარაუდო შემკვეთებთან. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ საქმეზე შეიცვალოს პროკურორი და სხვა პროკურორმა გააგრძელოს საქმეზე მუშაობა. ასევე დაზარალებულის თხოვნა არის, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა შევხდეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს. ჩვენი თხოვნაა, რომ გენერალურმა პროკურორმა პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე", - ამბობს ტარიელ კაკაბაძე.
"პირველები" საპასუხო არგუმენტების მოსმენას შეეცადა პროკურორ გია შაიშმელაშვილისგან, თუმცა შაიშმელაშვილმა სატელეფონო ინტერვიუსა და შეხვედრაზე უარი განაცხადა.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
- ასევე მკვლელობის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ირკვევა, რომ საქმეში არსებობენ სხვა ფიგურანტები, მთაწმინდის საძმოს წევრები, ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე, რომელსაც წყაროს ინფორმაციით, სანდრო წივწივაძისგან მკვლელობის იარაღი ჰქონდათ გადაცემული და სწორედ მათი გავლით აღმოჩნდა იარაღი გელა უძილაურის ხელში. აღნიშნულ პიროვნებებს საქართველოს საზღვარი უკვე დატოვებული აქვთ.
კითხვები არსებობს გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რომელსაც წყარო მკვლელობის ერთ-ერთ ფიგურანტად ასახელებს. ის გამოძებას არ გამოუკითხავს.