სინდისის 11 პატიმრის საქმე - მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სახაზინო ადვოკატების თვითაცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

26.06.25 15:28
სინდისის 11 პატიმრის საქმე - მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სახაზინო ადვოკატების თვითაცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

 

 

სინდისის 11 პატიმრის საქმე - მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სახაზინო ადვოკატების თვითაცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

  • საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს. 

სახაზინო ადვოკატების აცილება დღეს ყველა ბრალდებულმა სათითაოდ მოითხოვა. თუმცა მოსამართლემ არცერთი პირის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

არანაირი წყენა და არც არაფერი არ მაქვს სახაზინო ადვოკატთან, სალომე არდოტელთან, პირიქით, პატივისცემა მინდა რომ გამოვხატო. თუმცა, არ მგონია, რომ ამ სიტუაციაში მიზანშეწონილი იყოს, რომ ეს ადამიანი მიცავდეს. საქმესთან დაკავშირებულ ვერცერთ დეტალს უცხო, სახაზინო წესით, იძულებით დანიშნულ ადვოკატთან ვერ შევათანხმებ", - უთხრა მოსამართლეს სინდისის პატიმარმა, ანდრო ჭიჭინაძემ. 

 

 

დღევანდელ პროცესზე სამი სახაზინო ადვოკატი, ირაკლი ბენია, სალომე არდოტელი და დალი თუშიშვილი გამოცხადდნენ.

უფლებადამცველებმა სიტყვით მიმართეს მოსამართლეს, უთხრეს, რომ მათი საქმეში ჩართვა რელევანტურად არ მიაჩნიათ და თვითაცილება მოითხოვეს.

„როგორც მოგეხსენებათ, იურიდიული სამსახურში არ არის ბევრი ადვოკატი, შესაბამისად, ყველა საქმეში ვერ მივიღებთ მონაწილეობას, მით უმეტეს, როდესაც დაკავებულ ბრალდებულებს ჰყავთ მათ მიერ შერჩეული ადვოკატი და სავალდებულო დაცვას არ ექვემდებარებიან.

შესაბამისად ზედმეტი დრო და რესურსი არ უნდა დაიხარჯოს. ბრალდებულებს ზოგს ორი ადვოკატი ჰყავს, ზოგს - სამი, ზოგს - ოთხი. ჩვენ გვაწერია ისეთი საქმეები, რომელთა უფლებებს ვიცავთ, რომელთაც მომკითხველიც კი არ ჰყავს. აქ დღეს დარბაზი პრაქტიკულად გადაჭედილია, უამრავი მხარდამჭერი ჰყავთ. ჩვენ ისეთი ადამიანების დაცვა გვიწევს, რომლებსაც მომკითხველიც კი არ ჰყავთ. ვემსახურებით მათ უფასოდ, ზედმეტი დრო და რესურსი არაა საჭირო, რომ დაიხარჯოს. მით უმეტეს, კვალიფიციური ადვოკატები ჰყავთ და პირად კომუნიკაციაშიც არ შემოდიან“, - განაცხადა ადვოკატმა  ირაკლი ბენიამ.

ცნობისთვის, წინა სხდომაზე, 24 ივნისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმრებს მათი ნების საწინააღმდეგოდ სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა. ამ გადაწყვეტილებას, როგორც ბრალდებულების, ისე მათი ადვოკატების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. 

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები