მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რეზო კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რეზო კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა - სინდისის პატიმარი წმინდა მოწამე კათოლიკოს-პატრიარქზე, ამბროსი ხელაიაზე საუბრობდა, რა დროსაც მოსამართლემ კიკნაძეს სიტყვა შეაწყვეტინა.
ამის მიუხედავად სინდისის პატიმარმა სიტყვა მაინც გააგრძელა, რის შემდეგად ნინო გალუსტაშვილმა ბრალდებული სხდომიდან გააძევა. კიკნაძე დარბაზიდან საბადრაგო სამსახურმა გაიყვანა.
"ერთხელ ანწუხელიძეზე საუბრის გამო გამაძევეს, ახლა ამბროსი ხელაიაზე მაძევებთ" - უთხრა დარბაზის დატოვებამდე რეზო კიკნაძემ მოსამართე გალუსტაშვილს.
- საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.