39 შვედური ორგანიზაცია "ოცნებას" სამოქალაქო საზოგადოების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
39 შვედური ორგანიზაცია "ქართულ ოცნებას" სამოქალაქო საზოგადოების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება ზეწოლისა და სამართლებრივი დაშინების წინაშეა დარჩენილი. შემაშფოთებლად არის მიჩნეული გარემოება, როცა ანტიკორუფციული ბიურო ცდილობს წვდომა მოიპოვოს იმ პერსონალურ მონაცემებზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებშია დაცული.
კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების იძულება არღვევს პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთანავე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელში შემავალი ორგანიზაციები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვავდ აფასებენ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო დაწყებულ სამართლებირვ დავებს.
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელი აერთიანებს 39 შვედურ სამოქალაქო ორგანიზაციას, რომლებიც თანამშრომლობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) სამოქალაქო საზოგადოებებთან. ქსელის მისიაა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა მთელ რეგიონში.
ანტიკორუფციულმა ბიუროს მიერ თითქოსდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე წარდგენილს მოთხოვნებს, როგორც ჩანს, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, გამოიყენება უკუძალით და მიზანში იღებს ორგანიზაციებს, რომლებიც ლეგიტიმურ და უფლებებზე დაფუძნებულ საქმიანობას ეწევიან. ეს არის საშიში ნაბიჯი. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების იძულება არღვევს პირადი ცხოვრების დაცვის, სამართლებრივი გარანტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობის ძირითად პრინციპებს. ამასთანავე, ეს მკვეთრი სიგნალია ყველასთვის, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს, ეხმარება მოწყვლად ჯგუფებს ან იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს“, - ნათქვამია ქსელის განცხადებაში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელში შემავალი ორგანიზაციები ამასთანავე ხაზს უსვამენ ხელისუფლების კრიტიკოსების დევნას სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო, რაც საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას და კიდევ ერთხელ აჩვენებს განსხვავებული აზრის ჩახშობის ტენდენციას.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. ეს მოვლენები არ არის ერთჯერადი შემთხვევები. ისინი წარმოადგენს მზარდი ტენდენციის ნაწილს, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობას, სამართლის უზენაესობასა და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შვედეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:
- დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა და თავისუფალი გამოხატვის უფლების მქონე პირების სამართლებრივი დევნა;
- უზრუნველყოს, რომ კანონები იყოს ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში და არ იქცეს შანტაჟის ინსტრუმენტად;
- კიდევ ერთხელ დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, შეკრების თავისუფლებისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო სივრცის მიმართ.
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელი საერთაშორისო საზოგადოებას, ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებსაც მოუწოდებს, ხმა აიმაღლონ და მხარი დაუჭირონ მათ, ვინც იცავს დემოკრატიას საქართველოში.