ცდილობს თუ არა პროკურატურა ჯანგველაძის მკვლელობიდან სავარაუდო დამკვეთების ჩახსნას? - რა ეჭვები აქვს მოკლული ბიზნესმენის ოჯახს

რატომ არ აქვს დღემდე ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს შეკვეთილი მკვლელობის კვალიფიკაცია - მოკლული ბიზნესმენის ოჯახი პროკურორის ჩამოცილებას ითხოვს. ადვოკატს ეჭვი აქვს, რომ გია შაიშმელაშვილი განზრახ არ იძიებს ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ მკვლელობას - მიზანი კი მკვლელების სავარაუდო დამკვეთების საქმიდან ჩახსნაა.
ჯანგველაძის ადვოკატისთვის ამის დამადასტურებელია რომ ამ დრომდე საქმეში მხოლოდ მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური და მკვლელობის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული სანდრო წივწივაძის გვარი ფიგურირებს, როცა წყაროს ინფორმაციით, საქმეში არსებობენ სხვა ფიგურანტები, მთაწმინდის საძმოს წევრები, ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე, რომელსაც წყაროს ცნობით, სანდრო წივწივაძისგან მკვლელობის იარაღი ჰქონდათ გადაცემული და სწორედ მათი გავლით აღმოჩნდა იარაღი გელა უძილაურის ხელში. აღნიშნულ პიროვნებებს საქართველოს საზღვარი უკვე დატოვებული აქვთ.
- კითხვები არსებობს გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რომელსაც წყარო მკვლელობის ერთ-ერთ ფიგურანტად ასახელებს. ის გამოძებას არ გამოუკითხავს.
ბრალდებებს დღეს არ უპასუხა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა, რომელსაც ეს საქმე აბარია.
პროკურატურასთან ერთად ოჯახი უმოქმედობაში შს სამინისტროსაც ადანაშაულებს. ადვოკატის მტკიცებით, გელაძის უწყებას რომ დროულად ემოქმედა მკვლელობის იარაღი და მობილური ტელეფონი ახლა საქმეში იდებოდა. მოკლული ბიზნესმენის ოჯახს კითხვები გამოძიებასთან ბევრი აქვს, ამიტომ ახალ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს და გიორგი გვარაკიძეს მოუწოდებს პირად კონტროლზე აიყვანოს მკვლელობის საქმე.
დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.