დიპლომატები: რეორგანიზაციის პროცესში ცვლილებები მიმართულია 28 ნოემბრის განცხადებაზე ხელმომწერების წინააღმდეგ

დიპლომატების ნაწილი განცხადებას ავრცელებს, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე საუბრობენ.
მათ განცხადებას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მათი თქმით, გათვალისწინებული ცვლილებები მიმართულია 28 ნოემბრის განცხადებაზე ხელმომწერი დიპლომატების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის საბოლოო შეჩერებას.
2025 წლის 29 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები გულისხმობს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების „ძირეულ რეფორმას“.
მიგვაჩნია, რომ რეორგანიზაციის პროცესში გათვალისწინებული ცვლილებები - ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებების დაკნინება, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გაუქმება და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან თანამშრომლების დროზე ადრე გამოწვევა - მიმართულია 28 ნოემბრის განცხადებაზე ხელმომწერი დიპლომატების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის საბოლოო შეჩერებას.
ცივი ომის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და მოცემულობის სახელმწიფოსთვის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების, მშვიდობისა და კეთილდღეობის ერთადერთი გარანტიაა. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე ცვლილებებით გამოწვეული შესაძლებლობების ფანჯარა უნიკალური შანსია ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები შედეგების მისაღწევად. შექმნილ ვითარებაში, საქართველოს დაშორება დასავლური ინსტიტუტებიდან ქვეყანას ხდის სრულიად დაუცველს არსებული და შესაძლო უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ. ამასთან, ასეთი მიდგომა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.
ჩვენ, ქართველი დიპლომატები, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის, ეროვნული ინტერესებისა და ამ ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მომავლისადმი!“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ვრცლად იხილეთ ბმულზე.