„დახოცეთ, დაასახიჩრეთ“ - ჩანაწერით, რომელიც ძალოვანების დანაშაულზე მიანიშნებს, პროკურატურა ამ დრომდე არ ინტერესდება

ვიდეოჩანაწერი, რომელმაც სინდისის პატიმრების საქმე ჩამოშლის ზღვარზე მიიყვანა, გამოძიების ინტერესის საგანს დღემდე არ წარმოადგენს. საუბარია პროკურატურის მიერ 11 სინდისის პატიმრის საქმეზე წარდგენილ ვიდეომტკიცებულებაზე, სადაც მკაფიოდ ისმის, როგორ ემუქრებიან ძალოვანები მომიტინგეებს "დასახიჩრებით და მოკვლით".
ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლების შეფასებით, აღნიშნული ვიდეომტკიცებულება, ძალოვანების წინააღმდეგ, მინიმუმ, სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი უნდა გახდეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ მტკიცებულებების შემდეგ სინდისის ყველა პატიმარს ბრალდება უნდა მოეხსნას.
გამოკვლეული ვიდეომასალებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ ნამდვიილად იყო სისხლის სამართლის დანაშაულთან საქმე, თუმცა ეს არის ჩადენილი არა ბალდებულების მიერ, არამედ ბრალდებულების მიმართ. მათ შორის, აშკარაა და ცალსახაა ანდრო ჭიჭინაძის და ონისე ცხადაძის მიმართ გაჟღერებული მუქარა, ასევე გენერალურად აქციის მონაწილეების მიმართ გაჟღერებული მოწოდება და შესაძლებელია დავალებაც კი, რომ სპეცრაზელებს მოეკლათ და დაეხოცათ აქციის მონაწილეები. ამასთან, რამდენიმე მტკიცებულების ურთიერთჯერებით დგინდება, რომ სავარაუდოდ, ხმა, რომელიც იქამდე დავალებას აძლევს, რომ ფარები არ დაუშვან, მწყობრში დადგნენ და ა.შ., არის, სავარაუდოდ, იგივე ხმა, რაც გასცემს ამ ადამიანების დახოცვის ბრძანებას. მინიმუმ, საველე მეთაურია ან საველე ხელმძღვანელი, ვინც გასცემს ამ ბრძანებებს. სავარაუდოდ, გახლავთ ის ადამიანი, ვინც დამატებით მოუწოდებს სიცოცხლის მოსპობისკენ, დახოცვის და გაუპატიურებისკენ აქციის მონაწილეების. ეს, ბუნებრივია, გახლავთ, მინიმუმ, სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, - ამბობს ადვოკატი ომარ ფურცელაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ობიექტურ მართლსამჯულებაში საქმე არა მომიტინგეების, არამედ პოლიციელების წინააღმდეგ უნდა აღძრულიყო.
ამ კადრების ანალიზის შემდეგ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ნახავს ამ კადრებს და ძალიან კონკრეტულად დააკვირდება, ნახავს, რომ უბრალოდ, არანაირი დანაშაული სახეზე არ არის. პირიქით, სპეცდანიშნულების რაზმიდან ისმის ის წინასწარ განზრახული მუქარა, რაც გულისხმობს, მართლაც, სიცოცხლის მოსპობას, ძალადობას, დაკავებას და ა.შ. ამიტომ, წინასწარი განზრახვა ვისაც ჰქონდა ამ წარმოუდგენელ მძიმე დანაშაულში, ეს იყო მხოლოდ პოლიცია და სპეცრაზმი. კადრები არის დამონტაჟებული, შეკოწიწებული. წინასწარ განზრახული აქვს პროკურატურას ის ქმედება და ჩაფიქრებული, რომ ყველა ამ ადამიანის წინააღმდეგ გამამტყუენებლი განაჩენი დადგეს და სწორედ ამიტომ ამონტაჟებს ამ კადრებს. ამიტომ, ობიექტურ მართლსამჯულებაში და ზოგადად, იმ სამყაროში, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული, პირიქით, უნდა აღძრული იყოს და გამოძიება დაწყებული იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან მომიტინგეებს, - ამბობს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.