112-ის თანამშრომელი ამბობს, რომ მის სამსახურს 62 785 ზარალი მიადგა, თუმცა, ვერ აკონკრეტებს, ვინ დააზიანა ძალოვანი უწყების ტექნიკა
სინდისის პატიმრების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება- დღეს ჩვენება სასამართლოს 112-ის თანამშრომელმა მისცა.
იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოსამართლეს უთხრა, რომ აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სამოსი, ტექნიკა და ტრანსპორტი დააზიანეს. მისი მტკიცებით, ზარალი 62 785 ლარია.
თუმცა, ვერც ამ მოწმემ დააკონკრეტა, თუ რომელმა ბრალდებულმა დააზიანა ძალოვანი უწყების ტექნიკა.
აქციების დროს დაზიანდა ჩემი თანამშრომლების სამოსი, ტექნიკა და ტრანსპორტი, როგორც საღებავებით, ასევე პიროტექნიკით. ზარალი 62 785 ლარია. არ შემიძლია ვისაუბრო ინდივიდუალურ პირებზე, თუმცა, სამსახურის თანამშრომლების მხრიდან მითითებულია, რომ ქონება აქციის მონაწილეებმა დააზიანეს,-განაცხადა თამარ ჭანტურაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს ბრალდებულ რევაზ კიკნაძის გარდა, ყველა ესწრება.
- სინდისის პატიმრების საქმეზე სასამართლოში განხილვა განახლდა-დღესაც მედიისთვის პროცესი დახურულია.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.