"ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული"- მიხეილ სარჯველაძე თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს
"ქართული ოცნების" ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ "პირველი საუნივერსიტეტო" კლინიკა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, “თორნიკე რიჟვაძე ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება".
სარჯველაძის თქმით, ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ მას ჯანმრთელობა შეუნარჩუნდეს“.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა საგარეჯოში მომხდარს “ძალიან მძიმე, შოკისმომგვრელი, თავზარდამცემი ამბავი“ უწოდა:
მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. შესაბამისად, ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები. ქირურგიული ოპერაცია იქვე ადგილზე ჩაუტარდა. ყველა საჭირო პროცედურა იქნა განხორციელებული საიმისოდ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები აღდგენილიყო. ეს წარმატებით მოხერხდა. შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკვე აქ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანასთან დაკავშირებით. ის ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ძალიან მძიმე ტრავმები არის სახეზე. რა თქმა უნდა, სჭირდება ინტენსიური მკურნალობა. ბუნებრივია, ამ დროს აუცილებელია გარკვეული პრევენციული ღონისძიების ჩატარება, სამედიცინო თვალსაზრისით. რაც აუცილებელია სიცოცხლის გადარჩენისთვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის უკლებლივ ყველაფერი უკეთდება თორნიკე რიჟვაძეს. ძალიან მძიმე, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის, თავზარდამცემი შეიძლება ასე იყოს. ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ჯანმრთელობა.
პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. ეს ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის და განსაკუთრებული დაკვირვების. განსაკუთრებული მკურნალობაა აუცილებელი იმისთვის, რომ რისკი, რომელიც ზოგადად არსებობს, იქნას განეიტრალებული. შესაბამისად, მოხდეს ზრუნვა ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძის თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული და “სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია“
ერთი ჭრილობაა. საბედნიეროდ, მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია ეს ცეცხლსასროლი ჭრილობა. ამჟამად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებულად ინტენსიურად ხორციელდებოდეს ჯანმრთელობის მეთვალყურეობა და რელევანტური მოქმედებები ხორციელდებოდეს, რაც რეალურად უაზრუნველყოფილია,- თქვა მან.
რაც შეეხება წერილს, სარჯველაძე დაზუსტებით ვერ საუბრობს და ამბობს, რომ მხოლოდ გადმოცემით იცის, მისი არსებობის შესახებ.
მე ამაზე დაზუსტებით ვერ ვისაუბრებ. გადმოცემით რა ინფორმაციაც მაქვს ეს არის, რომ მის ტანსაცმელში იქნა აღმოჩენილი ეს წერილი. ეს არის ერთადერთი, რაც ამ წუთას შემიძლია გითხრათ. რასაკვირველია, ამოღებულია სათანადო წესით, დამაგრებულია ეს მტკიცებულება და შესაბამისად ამის თაობაზე საზოგადოება, კანონმდებლლობით დადგენილი წესით, სრულად ინფორმირებული“,- განაცხადა სარჯველაძემ.
ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".
ამის პარალელურად, „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.
საგარეჯოს კლინიკას განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ.