დაკავებული ალექსი ახვლედიანი თბილისში ისე გადმოიყვანეს, რომ ადვოკატსაც არ შეატყობინეს
საგარეჯოში დაკავებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი თბილისში ისე გადმოიყვანეს, რომ ადვოკატსაც არ შეატყობინეს.
ალეკო ახვლედიანის ინტრესების დამცველი ამბობს, რომ ჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. ის ახლა თბილისში, დიღმის მთავარი სამმართველოსკენ მიემართება, რადგან საგარეჯოში უთხრეს, რომ პირი, რომლის ინტერესებიც უნდა დაეცვა, იქ აღარ იმყოფებოდა.
ლალი აფციაური, ჯერჯერობით, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. მას არც იმაზე აქვს პასუხი, იმყოფებოდნენ თუ არა ახვლედიანის ოჯახის სხვა წევრები სამმართველოში გამოკითხვაზე.
მისი თქმით, ოჯახის არცერთ წევრზე არ უთქვამთ, რომ მისი ინტერესებიც დაეცვა.
ამ ეტაპზე, გადაყვანილია, მაგრამ საქმის მასალები არ მაქვს, ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ, ვერაფერს გეტყვით, გადაყვანილია თბილისში და არ შევხვედრივარ,- უთხრა მან ჟურნალისტებს.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ, ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვეს. მათ წაიღეს მტკიცებულებები და ექსპერტიზის მხრიდან აღებული ნიმუშები.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დაჭრის საქმეზე იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი. მას ჯარიმის დაკისრება ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის მუხლით.
თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".
ამის პარალელურად, „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.
საგარეჯოს კლინიკაში განმარტავენ: "არსებობს კანონით დადგენილი ფორმა და მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტის პირადი ნივთები გაიცემა მხოლოდ მის ახლობლებზე, ანუ ოჯახის წევრებზე. ასევე, კანონითვე პირდაპირაა განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც პაციენტის პირადი ნივთები გადაეცემა პოლიციას"
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ.