რიჟვაძის ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ წერილი, რომელსაც სამთავრობო მედია ავრცელებს, არ უნახავთ
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან აჭარის მთავრობის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები იმყოფებიან.
კითხვაზე- სჯერათ თუ არა ვერსიის, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, არც მისი ახლოგარემოცვა და არც ოჯახის წევრები არ პასუხობენ.
თვითმკვლელობასთან დაკშვირებით ვერსიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამთავრობო მედიამ წერილი გაავრცელა, რომელიც მათი მტკიცებით, რიჟვაძემ დაწერა და ის მედიკოსებმა კლინიკაში მისი მიყვანის შემდეგ, მისსავე ტანსაცმელში იპოვეს.
როგორც ირკვევა, წერილის არსებობის შესახებ მედიიდან შეიტყო აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ოჯახმაც. ისინი ამბობენ, რომ წერილი მათთვის არავის გადაუცია.
ვერანაირ ვერსიას მე ვე განვავითარებ, ხვდებით ალბათ, რა მდგომარეობაში ვართ ყველა, ეს არ იყო უბრალო თანამშრომელი, ოჯახის წევრია ჩემი. ახლა ყველა იმაზე ვართ ორიენტირებული, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადარჩეს. მეც ზუსტად იმდენი ვიცი, რამდენიც თითოეულმა თქვენთაგანმა, -განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ.
ამასთან გაბაიძე ამბობს, რომ “მას არანაირი წერილი არ უნახავს და არ აქვს.“ რაც შეეხება რიჟვაძის ჯანმრთელობსი მდგომარეობას, მისი თქმით, “ბოლო ცნობებით, არის მძიმე, მაგრამ სტაბილური“.
ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".
ამის პარალელურად, „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.
საგარეჯოს კლინიკაში განმარტავენ: "არსებობს კანონით დადგენილი ფორმა და მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტის პირადი ნივთები გაიცემა მხოლოდ მის ახლობლებზე, ანუ ოჯახის წევრებზე. ასევე, კანონითვე პირდაპირაა განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც პაციენტის პირადი ნივთები გადაეცემა პოლიციას"
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ.