"პირველების" ინფორმაციით, კლინიკაში თორნიკე რიჟვაძის სანახავად გრიგოლ ლილუაშვილი იყო მისული

08.07.25 13:05
"პირველების" ინფორმაციით, კლინიკაში თორნიკე რიჟვაძის სანახავად გრიგოლ ლილუაშვილი იყო მისული

"პირველების" ინფორმაციით, "პირველ საუნივერსიტეტო" კლინიკაში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური, თორნიკე რიჟვაძა მოთავსებული,  დღეს სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი იმყოფებოდა. ინფორმაცია სანდო წყაროსგან "TV პირველის" რედაქციამ ცოტა ხნის წინ მიიღო. 

ამავე წყაროს მტკიცებით, ლილუაშვილი პირადად გაესაუბრა ექიმებს და მედიკოსებისგან მოისმინა, როგორია აჭარის ყოფილი მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

უცნობია,  რა გზით შეიყვანეს სუს-ის ყოფილი შეფი კლინიკაში, რადგან ლილუაშვილის მოსვლა ადგილზე მობილიზებულ მედიას არ გადაუღია. 

  • ცნობისთის, გუშინ საავადმყოფოში მოსული იყო "ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც. 

ახლა კლინიკასთან შეკრებილები არიან თორნიკე რიჟვაძის მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები და აჭარის მთავრობის მოქმედი წევრები, თუმცა ისინი "პირველებთან" კომენტარს არ აკეთებენ - მომხდარის ვერსიებთან დაკავშირებით საუბარი არავის სურს. 

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.

  • თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედინია დაკავებული. ის ახლა ბრალის წარდგენას ელოდება.

გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა". ამ წერილთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ოპოზიციას.  

ასევე, წერილის პოვნას და წარმომავლობას არ ადასტურებს არცერთი კლინიკა.