შესაძლებელია, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში გასროლის დროს რიჟვაძის მამაც ყოფილიყო - ადვოკატი

08.07.25 15:07
შესაძლებელია, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში გასროლის დროს რიჟვაძის მამაც ყოფილიყო - ადვოკატი

თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მომენტში, საგარეჯოში, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში, შესაძლოა აჭარის ყოფილი მეთაურის მამა, დავით რიჟვაძეც ყოფილიყო - ამის შესახებ იზოლატორში შესვლის წინ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა მედიასთან განაცხადა. 

ადვოკატის თქმით,  სახლში შესაძლოა სხვა პირებიც ყოფილიყვნენ. რაც შეეხება "პირველების" კითხვას, თუ რატომ სტუმრობდა თორნიკე რიჟვაძე ალექსანდრე ახვლედიანს, უფლებადამცველი ირწმუნება, რომ აჭარის ყოფილი მეთაური და  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს, რადგან მეგობრები იყვნენ. 

რაც შეეხება იარაღს, საიდანაც გასროლა განხორციელდა, ლალი აფციაური ამბობს, რომ მისი ინფრომაციით, ის ალექსანდრე ახვლედიანის პირად ხელჩანთაში ინახებოდა. 

უახლოესი მეგობრები არიან და ხშირადაც სტუმრობდნენ ერთმანეთს. ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა ბატონი ალექსანდრეს პირად ხელჩანთაში, რომელიც იდო ოთახში. თუ რომელ  ოთახში, ამას დავაზუსტებ და გეტყვით. იმ ოთახში,, სადაც თორნიკე იძინებდა, ლოგიკურად იქ არ იქნებოდა. რა დროს მოხდა არვიცი, იცით რა, ხელჩანთას ხომ არ ყარაულობთ, როცა მეგობრებთან ერთად სადმე სხედხართ, ალბათ, შეგილძიათ უმეთვალყურეოდ დატოვეოთ კიდეც. შესაძლებელია სახლში კიდევ ვინმე იყო, შესაძლებელია რიჟვაძის მამაც იყო, არვიცი, ვერ გტეყვით დაზუსტებულ ინფორმაციას", - ამბობს ადვოკატი ლალი აფციაური. 

აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თვითმკვლელობა "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან სცადა - ამ ვერსიას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, რიჟვაძემ, რომელიც ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, ფანჩატურიდან აიღო ცეცხლსასროლი იარაღი და სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში გაიტანა. 

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ოფიციალურად ბრალის დადგენილება უკვე გააცნეს იზოლატორში ალექსანდრე ახვლედიანს. ალექსი ახვლედიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.