"ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ მათ მიერ ნასროლი პიროტექნიკით ვარ დაზიანებული" - პოლიციელი სინდისის 8 პატიმრის პროცესზე
სინდისის პატიმრების, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის პროცესზე გდდ-ს თანამშრომელი, ნუგზარ მირიანაშვილი აძლევს ჩვენებას, რომელიც გუშინ სინდისის 11 პირის საქმეზეც დაიკითხა.
გუშინდელის მსგავსად, მირიანაშვილმა ვერც დღეს დაადო რომელიმე პატიმარს ხელი და ვერ თქვა, რომ მათ მიერ ნასროლი პიროტექნიკით მიიღო დაზიანება.
მირიანაშვილს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. პოლიციელის ჩვენების მიხედვით, მას პიროტექნიკა მარჯვენა ფეხის არეში მოხვდა, რომელიც იქვე აფეთქდა და დაზიანება მიიღო.
4-5 ადამიანი ჩვენი თანამშრომელი გამოვიდა მწყობრიდან პიროტექნიკის შედეგი იყო და ჩავანაცვლეთ. სადღაც საათში დაიწყო ინტენსიური სროლა, ვეღარ გაგვეგო ფარი ზევით აგვეწია თუ სად წაგვეღო, პიროტექნიკა მარჯვენა ტერფის არეში ამიფეთქდა, დავკარგე მრძნობელობა და ჩემმა ხელმძღვანელმა გადამიყვანა სასწრაფოს მანქანასთან. სანამ მე წამიყვანდნენ მოიყვანეს ჩემზე უფრო დაშავებული პიროვნება, ღია ჭრილობა ჰქონდა, ჰქონდა გამომწვარი, დამწვარი და სასწრაფომ მათი გადაყვანა გადაწყვიტა, მე მესამე მანქანამ წამიყვანა. კავკასუს მედიცინის ცენტრში გამიწიეს დახმარება. ერთი საათი ვიყავი იქ და ორი კვირა მომიწია რეაბილიტაცია.
ვერ დავადასტურებ და ვერ უარვყოფ, რომ მათი ნასროლ პიროტექნიკით ვარ დაზიანებული. მე არ დამინახავს ვინ მესროლა და არ ვიცი. ვერ მოგახსენებთ, არ დამინახავს. მე მათ არ ვიცნობ, არც რამე პირადი ინტერესები არ გამაჩნია, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ მათ მიერ ნასროლ პიროტექნიკით ვარ დაზიანებული“, - განაცხადა მირიანაშვილმა.
პროკურორის კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამოცნობა, ან დაინახა თუ არა, ვინ ესროლა მას პიროტექნიკა, მოწმემ განაცხადა, რომ "არ იცის, არ დაუნახავს".
„ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ რომ მათ მიერ ნასროლი პიროტექნიკით ვარ დაზიანებული, რაც არ დამინახავს, იმას ვერ ვიტყვი. არ დამინახავს, ვის მიერ ნასროლი მომხვდა",- განაცხადა მირიანაშვილმა.
ადვოკატებმა მოწმეს ასევე ჰკითხეს, იყო თუ არა შეურაცხმყოფელი და მუქარის ფრაზები სპეცრაზმელების მხრიდან, რაზეც მირიანაშვილმა ასეთი პასუხი გასცა:
ყველანაირ ძალადობრივ ქმედებას ვგმობ, არ აქვს მნიშვნელობა, აქციის მონაწილეა, თუ თანამშრომელი, ეს ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, მისვლიდან დაშავებამდე, ასეთი რამ არ ყოფილა“,- განაცხადა მირიანაშვილმა.
დღეს გახდა ცნობილი, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის, ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილისა და ინსაფ ალიევის საქმეზე აგვისტოში 7 სასამართლო პროცესი ჩაინიშნა:
• 4 აგვისტო, 12 საათი
• 7 აგვისტო, 12 საათი
• 8 აგვისტო, 13 საათი
• 11 აგვისტო, 12 საათი
• 18 აგვისტო, 12 საათი
• 21 აგვისტო, 12 საათი
• 22 აგვისტო, 12 საათი
- ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
- ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.