11 პირის საქმე - მოწმემ დაადასტურა, რომ ვიდეოს მონტაჟი აღენიშნება, თუმცა აღიარა, რომ ამის შესახებ დასკვნაში არ მიუთითებია

15.07.25 15:54
11 პირის საქმე - მოწმემ დაადასტურა, რომ ვიდეოს მონტაჟი აღენიშნება, თუმცა აღიარა, რომ ამის შესახებ დასკვნაში არ მიუთითებია

თბილისის საქალაქო სასამართლოში  პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ვიდეოგადაღების გარეშე მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა პროკურატურის მოწმე, ექსპერტი ვალერიან მესხი, რომელმაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა.

მოწმემ თავდაპირველად დამალა, რომ ვიდეოკადრებს, რომელსაც ექსპეტიზა ჩაუტარა მონტაჟის კვალი აღენიშნებოდა, თუმცა, ადვოკატების მიერ დასმული კითხვების შემდეგ აღნიშნული დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ამის შესახებ დასკვნაში არ მიუთითებია.

  • ადვოკატი: ორი სხვადაახვა ვიდეო ერთად ხომ არის მონტაჟი?
  • მოწმე: რედაქტირება, ვიდეოს აღენიშნება მონტაჟი, მაგრამ ამოსაცნობ პიროვნებას არ აღენიშნებოდა
  • ადვოკატი: მონტაჟზე დასკვნაში მოუთითეთ?
  • მოწმე: არა
  • ადვოკატი: თქვენ გადმოგეცათ დაჭრილი ვიდეოები. სანდოობის ნაწილში ხომ არ იყო რაიმე კითხვები
  • პროკურორი: მოწმეს არ მიუთითებია  რომ რაიმე პრობლემა შეექმნა.

ჩვენს კითხვაზე, არის თუ არა მონტაჟი, როდესაც ორი ვიდეო-ჩანაწერის გადაბმა ხდება და ერთ საერთო ვიდეოგრამად გაერთიანება მათი, თქვა, რომ კი. იყო თუ არა ეს ვიდეოჩანაწერები გაერთიანებული სხვადასხვა კადრებით, დაადასტურა, რომ კი, რაც ნიშნავს იმას, რომ მონტაჟის კვალი აღენიშნებოდა, თუმცაღა იცრუა სასამართლო პროცესზე, თავიდან პროკურატორის დასმულ კითხვაზე, როდესაც თქვა, რომ დამონტაჟებული არ იყო ეს ვიდეო კადრები". - აცხადებს ადვოკატი გოგიტა ბახტაძე.

გური მირცუხავას ადვოკატი, ომარ ფურცელაძემ კი მოწმის დღევანდელი ჩვენება "ბრალდებულებზე შურისძიებად" შეაფასა და თქვა, რომ ვალერიან მესხმა ძალიან ბევრჯერ მოიტყუა სასამართლოს წინაშე. 

მისი დღევანდელი ჩვენება იყო შურისძიება ბრალდებულებზე, იმის გამო, რომ თითქოს-და მათ დააზიანეს პოლიციელები. ეს გამოჩნდა იმაში, რომ ეს კაცი არის ერთმნიშვნელოვნად არაკომპეტენტური. ზუსტად ამ პრინციპით იყო შერჩეული უპრინციპო ადამიანი, რომელიც მოაწერდა ყველაფერს ხელს. მოუწია ეღიარებინა ის ნაწილი, რომ გურამ მირცხულავას ვიდეო სრულად არის დამონტაჟებული, შედგება სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფრაგმენტისგან და შეუძლებელია იმის დადასტურება, საერთოდ რა კავშირი აქვს ამ ფრაგმენტებს ერთმანეთთან. სხვა შემთხვევაშიც იტყუებოდა. ჯანო არჩაიას შემთვევაში მან განმარტა, რომ სამ სხვადასხვა ვიდეოში ამოიცნო ჩაცმულობით 

ამ წუთებში სასამართლოზე გდდ-ს თანამშრომელი გიორგი კაკალაშვილი იკითხება, ამის შემდეგ კი ვიდეო-კადრებს გამოიკვლევენ, რომელიც დღეს პროკურატურამ წარადგინა. დაცვის მხარე ითხოვდა აღნიშნული კადრები სასამართლოს დასაშვებად არ ეცნო, თუმცა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, ამიტომ  მოწმის გამოკითხვის შემდეგ ამ ვიდეოკადრებს გამოიკვლევენ პროცესზე.

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები