რას ითხოვს ევროკავშირი ივანიშვილის გუნდისგან - წერილი ბრიუსელიდან
ევროკავშირიდან წერილი მაკა ბოჭორიშვილს დღეს დილით სამსახურში მისვლისთანავე დახვდა. საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი წერს. წერილი საყვედურით იწყება, გრძელდება გაფრთხილებით და სრულდება კონკრეტული მოთხოვნებით. იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის შანსი არ დაკარგონ, პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებაზეა. თუ ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად საჭირო პირობები არ შესრულდება, ქართველი ხალხი თავისუფალ გადაადგილებას ევროპაში ვეღარ შეძლებს.
რას ითხოვს ევროკომისია "ოცნებისგან" - წერილში შესასრულებლად 8 პირობაა ჩამოთვლილი. პირველი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას ეხება. დასავლეთი ამასთან ერთად ელოდება ადამიანის უფლებათა დამრღვევი ორი კანონის გაუქმებას. ითხოვს ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავებას და ევროპულ სტანდართებთან შესაბამისობაში მოყვანას. ამ წერილის შინაარსი იმეორებს ანგარიშს, რომელიც ევროკომისიამ ჯერ კიდევ დეკემბერში გამოაქვეყნა და რომლის შესრულება ამ დრომდე ვერ დაინახა. ეს ამჯერად ბოლო გაფრთხილებაა და მას ულტიმატუმის სახეც აქვს. ის რომ პირობები აგვისტოს ბოლომდე უნდა შესრულდეს, ეს უკვე ევროკავშირში საქართველოს ელჩისთვის გაგზავნილ წერილში წერია.
ბრუსელიდან მიღებულ წერილს ივანიშვილის გუნდი არ ასაჯაროვებს, თუმცა ამბობს, რომ არც იქ ჩაწერილი პუნქტების შესრულებას გეგმავს. ამბობენ, რომ პოლიტპატიმრებზე დოკუმენტში არაფერი წერია. არადა კაია კალასმა გუშინ ოცნებას დაუმარცვლა, რა იგულისხმება ფუნდამენტური უფლებების დაცვაში. ივანიშვილის გუნდი ახლა უმძიმესი რეალობის წინ დგას - არ იქნება ცვლილებები, ან არ იქნება ღია საზღვარი ევროპასთან.
თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება იქნება - ამის შესახებ უკვე 38 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.