შემოსავლების სამსახური ამტკიცებს, რომ სომხეთისკენ მიმავალი გაზით დატვირთული ავტომობილების ხელოვნური შეფერხება არ ხდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უარყოფს მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მიმავალი გაზით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებები ხელოვნურად ყოვნდება.
უწყება ამტკიცებს, რომ არსებული შეფერხება ტექნიკური ხასიათის იყო და უკვე აღმოფხვრილია. მათივე მტკიცებით, საბაჟო ტერიტორიიდან გავრცელებული ფოტომასალა, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, რეალურ ვითარებას არ შეესაბამება და საზოგადოებაში მცდარ წარმოდგენას ქმნის.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება გარკვეული მედია საშუალებითა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ, გაკეთებულ მორიგ, დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში, სომხური ტვირთების (მათ შორის გაზპროდუქტების) თითქოს ,,ბლოკირების“ შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული არის სრული სიცრუე, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უწყების დისკრედიტაციას და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას.
აქვე განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სანტრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება. ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24 საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ, როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედია საშუალებების მიერ, გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა (გაზპროდუქტებით დატვირთული ავტომობილები) არ ასახავს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას, სადაც ხანმოკლე დროის განმავლობაში, სატვირთო ავტომობილების მიმართ, არსებობდა მცირე შეფერხება, რომელიც სრულად იქნა აღმოფხვრილი.
ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ორივე მიმართულებით, 364 670 სატვირთო ავტომობილის მიმართ განხორციელდა საბაჟო ფორმალობები.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა - ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, - ნათქვამია განცხადებაში.
"OC Media"-ს ცნობით, სომხეთში თხევადი გაზის ფასი 40%-ით მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველომ რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტი შეაფერხა.
გამოცემის ცნობით, გაზის ფასმა ლიტრზე - 170 დრამს მას შემდეგ მიაღწია, რაც 500 სომხური სატვირთო ავტომობილი საქართველოს საზღვარზე დღეების განმავლობაში განმარტებების გარეშე ჰყავდათ გაჩერებული.