სუს: ბირთვული მასალის, კერძოდ, ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე დაკავებულია საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე

17.07.25 11:26
სუს: ბირთვული მასალის, კერძოდ, ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე დაკავებულია საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს.

უწყების ცნობით, ბირთვული მასალის, კერძოდ, ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე დაკავებულია საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე. როგორც უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, გარიგება ურანის სამ მილიონ დოლარად რეალიზებას შეეხება. 

დაკავებულებს დანაშუალის დამტკიცების შემთხვევაში ათწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, ბირთვული მასალის, კერძოდ, რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე, ქალაქ ბათუმში საქართველოს 1 მოქალაქე და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულთა შორის დადებული გარიგების თანახმად, ურანის უკანონო რეალიზაცია 3 მილიონ ამერიკულ დოლარად იგეგმებოდა.

აღნიშნული ბირთვული მასალა, რადიოაქტიური ალფა- და გამა-გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და წყაროს რაობის გათვალისწინებით, როგორც კომპონენტი, გამოსადეგია სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად ან სხვა მძიმე, მასობრივი და ფატალური შედეგის დადგომისთვის.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები