"მთავარი არხის" საქმე - მესამე სექტორი "ოცნებას" დამოუკიდებელი მედიის მოსპობის მცდელობაში ადანაშაულებს

17.07.25 12:03
"მთავარი არხის" საქმე - მესამე სექტორი "ოცნებას" დამოუკიდებელი მედიის მოსპობის მცდელობაში ადანაშაულებს

"მთავარ არხში" გენერალური პროკურატურის შესვლას მესამე სექტორი კრიტიკული მედიის მიზანმიმართულ დევნად აფასებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ "ოცნების" მიზანია, აღნიშნულ ტელევიზიას ყველა რესურსი მოუსპოს, რომ მას აღდგენის შანსი აღარ დარჩეს.

ამასთან, ქორიძე არ გამორიცხავს, რომ პროკურატურას ნიკა გვარამიასთვის ბრალის დამძიმებაც სურდეს. 

დახურულ ტელევიზიაში რომ შედიხარ და იწყებ მოკვლევას, უკვე იმას ნიშნავს, რომ შენ ბოლომდე გინდა, რომ ყველა რესურსი მოსპო, რომ ამ ტელევიზიას არანაირი არდგენის შანსი აღარ ჰქონდეს მომავალში. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ არის ერთ-ერთი დამფუძნებელი დღეს არის საპატიმრო დაწესებულებაში. მართალია, ის სხვა ბრალით არის გასამართლებული და იხდის სასჯელს, ამ ნაბიჯით პროკურატურა ცდილობს, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს.

მე მგონია, რომ ეს არ არის ერთი კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ გადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" ფიქრობს იმას, რომ ასეთივე რეპრესიული მექანიზმებით ის მიუდგება ყველა სხვა მედიასაშუალებებს, - ამბობს "საერთაშრისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე.

მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება"  ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებასა და ჟურნალისტზე მიზანმიმართულ ზეწოლას ახორციელებს.

ის, რასაც ჩვენ ვისმენთ პირველი დღიდან "მთავარ არხში" მიმდინარე პროცესებისა, რაც საბოლოო ჯამში, დამთავრდება იმით, რომ "მთავარმა არხმა" შეწყვიტა მაუწყებლობა, ცალსახად იკვეთება, რომ აქ არის მინიშნებები, რომ "ქართული ოცნების" მიერ არის ორკესტირირებული. დახურულ ტელევიზიაში შესვლა, გამოძიება, დოკუმენტების ამოღება, არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რა ფორმით ახორციელებს თავისი პოზიციის, აზრის გავრცელებას და ამ შემთხვევაში, საზოგადოების აზრის გავრცელებას, არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში, ამიტომ "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ეწევა ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალების, ჟურნალისტის მიმართ ზეწოლას, რა ბერკეტითაც შეუძლია, - ამბობს მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე.

მომხდარს დამოუკიდებელ მედიაზე იერიშებად აფასებს "საფარის" დირექტორი ბაია პატარაიაც. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასევე ფიქრობს, რომ "ოცნება" ნიკა გვარამიასთვის ბრალის დასამძიმებლად მიზეზებს ეძებს. 

"მთავარ არხში" შესვლა არის უკიდურესად საგანგაშო. ერთის მხრივ, ეს ნიშნავს, რომ დამოუკიდებელ მედიაზე დაიწყო ძალიან სერიოზული იერიშები არა მხოლოს საკანონმდებლო კუთხით, არამედ უშუალოდ დაიწყო მათი დევნა პროკურატურის მხრიდან და მეორე, აი, რომ ვფიქრობ, რაში სჭირდებათ უკვე დახურულ არხში შესვლა, შეიძლება ეძებენ მიზეზს, თუ როგორ დაუმძიმონ ან როგორ მოძებნონ ახალი ბრალი ნიკა გავრამიას წინააღმდეგ, - ამბობს ბაია პატარაია.  

გენერალური პროკურატურა "მთავარ არხში" და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა. ამის შესახებ განცხადებას "მთავარი არხი" ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, პროკურატურამ მოითხოვა არხთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის სრულად ამოღება.

გამოძიება გოგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზეა დაწყებული, რომელიც ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს მენეჯმეჯმენტს და არხის თანადამფუძნებლებს.

 

მსგავსი სიახლეები