სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური 4 საწარმო გამოავლინა

17.07.25 13:52
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური 4 საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ოთხი არალეგალური რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინეს. როგორც უწყება განმარტავს, ყველა მათგანი მოქმედებდა რეგისტრაციისა და შესაბამისი აღიარების გარეშე, რაც კანონდარღვევად ითვლება.

ამ საწარმოებს არ ჰქონდათ არც ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ჩანაწერი და არც სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან გაცემული აღიარება, რაც აუცილებელია იმ სტანდარტების დასაცავად, რომლითაც ქვეყანაში რძის პროდუქტების წარმოება რეგულირდება.

საგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს უკვე ჩატარებულია 3600-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ ობიექტებზე. გამოვლენილია 36 არარეგისტრირებული საწარმო, მათ შორის ოთხი - ბოლნისში.

შედეგად, ამოღებული და დალუქულია:

  • 150 ლიტრი რძე — სოფ. რატევანში მოქმედი ფიზიკური პირი გ.კ.-სგან
  • 530 ლიტრი რძე და 100 კგ სულგუნი — სოფ. რატევანში, ფიზიკური პირი ც.მ.-სგან
  • 500 ლიტრი რძე, 200 კგ ყველი და ნადუღი, 100 კგ სულგუნი, 40 ლიტრი მცენარეული ცხიმი და 125 კგ რძის ფხვნილი — ბოლნისში, გრ. ხანძთელის ქ. N11-ში
  • 400 ლიტრი რძე და 70 კგ სულგუნი — სოფ. რატევანში, ფიზიკური პირი პ.ა.-სგან

სასაქონლო რაოდენობით ამოღებული პროდუქტი დალუქულია, მეწარმეები დაჯარიმდნენ და მათ საწარმოო პროცესები შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მოიხმარონ მხოლოდ სანდო წყაროდან შესყიდული, რეგისტრირებული პროდუქცია და საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ სააგენტოს.

მსგავსი სიახლეები