11 პირის საქმე - გდდ-ს თანამშრომელმა პროცესზე თქვა, რომ აქციაზე სპეცრაზმელებს ნომრები ჰქონდათ მინიჭებული
სინდისის 11 პატიმრის პროცესზე პროკურატურის კიდე ერთი მოწმე, გდდ-ს თანამშრომელი ლაშა გელაშვილი იკითება, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს.
გელაშვილი ამტკიცებს, 30 ნოემბერს, პარლამენტის შიდა პერიმეტრზე, აქციაზე ქვა მოხვდა, თუმცა ვისი ნასროლი იყო ვერ ამბობს.
ფარებს ვურტყავდით რომ შეგვეშინებია აქციის მონაწილეები და ქვა მესროლეს ფეხში და ფეხი თაბაშირში ჩამისვეს. ნაღრძობი მქონდა.
არ დამინახავს ვინ მესროლა, მხოლოდ სხეულს ვხედავდი, სახე არ მინახავს",- განაცხადა გელაშვილმა.
პროკურორ ვახტანგ ცალუღელაშვილის კითხვაზე - "როგორც დაზარალებულს, რა პოზიცია გაქვთ ბრალდებულებისადმი?" გელაშვილმა უპასუხა:
პირადად ხელს რომ ვადებდე ვინმეს ასე არ არის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაზე მაქვს პრეტენზია.
რასაც გამოძიება ედავება დამნაშავეებს, თუ დაუმტკიცდათ დაისაჯონ კანონის შესაბამისად, როგორც გადაწყვეტს ქალბატონი მოსამართლე.
ლაშა გელაშვილის ჩვენებიდან დღეს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება გახდა ცნობილი - გაირკვა, რომ სპეცრაზმელებს აქციაზე სპეციალური ნომრები ჰქონდათ მინიჭებული, ამიტომაც ადვოკატების თქმით, ახლა რთული გასარკვევი არ უნდა იყოს იმ სპეცრაზმელების ვინაობის დადგენა, რომლებსაც სამოქალაქო აქტივისტები სასტიკ ძალადობაში, მუქარასა და შეურაცმყოფელ მიმართვებში ადანაშუალებენ.
აღნიშნულის შესახებ სხდომაზე კითხვა გდდ-ს თანამშრომელს ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა დაუსვა.
„აქციაზე წასვლის წინ, ეს ნომერი მოგხსნეს?"- ჰკითხა მას ადვოკატმა, რაზეც სპეცრაზმელმა უპასუხა, რომ "ჰქონდა და ეს იყო 36 ნომერი, რომელიც ეწერა კასკაზეც და რობოკოპზეც".
"თქვენს უფროს როგორ ცნობთ?",- მიმართა მას ავსაჯანიშვილმა, რაზეც გელაშვილმა უპასუხა, რომ „სიმაღლით, ტანით, ვიზუალურად და სიარულის მანერით".
- ადვოკატი- შენიღბული არ არის?
- მოწმე- ვიზუალურად ვცნობ
- ადვოკატი- როგორ?
-მოწმე- ჩვეულებრივად სიარულის მანერითაც კი ვცნობ.
- ადვოკატია აქციების დროს თუ მოგიწიათ მოქალაქეების დარბევა?
- მოწმე- არა არა, ჩვენ მხოლოდ წესრიგს ვიცავდით.
- ადვოკატი - თქვენ დაზუსტებულად შეგიძლიათ ამ ადამიანებზე, ვისაც ჯინსის შარვალი და შავი მაისური ეცვა, რომ ეს ადამიანი არ იყო ან კონფიდენტი ან შეგზავნილი ადამიანი?
- მოწმე - არ ვიცი ვაფშე, მსგავსი რაღაცა დაზუსტებით ვერ ვიტყვი.
ადვოკატის კითხვაზე, მოუწია თუ არა მას მოქალაქეების დარბევაში მონაწილეობის მიღება, გდდ-ს თანამშრომელმა უარყოფითი პასუხი გასცა და განაცხადა, რომ იქ მხოლოდ წესრიგს იცავდა.
საქალაქო სასამართლოშ სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ვიდეოგადარებსი გარეშე მიმდინარეობს.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.