გიორგი ბაჩიაშვილს, მასზე საკანში განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დღეს გამოკითხავენ
ფიზიკური ანგარიშსწორება საკანში - გიორგი ბაჩიაშვილს მასზე განხორციელებული თავდასხმის ფატქზე დღეს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გამოკითხავენ.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელთან იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი ცოტა ხანში უნდა შევიდეს.
საკანში ნაცემი ბიზნესმენის გამოკითხვას მისი ადვოკატებიც დაესწრებიან.
- ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.
მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.
ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.