"მალე გამოვალ, ყველას ყველაფერი მოეკითხება... დედას მიმიხედეთ" - ანრი კვარაცხელია განაჩენის გამოცხადების შემდეგ
"მალე გამოვალ, ყველას ყველაფერი მოეკითხება" - ამ სიტყვებით შეხვდა მის მიმართ გამოტანილ განაჩეს სინდისის პატიმარი ანრი კვარაცხელია, რომელსაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენის გამოცხადებამდე კი პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა პატიმარმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და ახლობლებს და მეგობრებს სთხოვა "დედისთვის მიეხედათ".
“დიდი მადლობა რომ ჩემს საქმეებზე დადიხართ, ჩემთვის რა წლებიც არ უნდა მომისაჯოთ, მაგას ჩემთვის არსებითი მნიშველობა არ აქვს, მე დღეს ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის გვერდით რომ ვიდექი, ჩემი საქმე არის შეკერილი, ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო, რას მედავებიან და რის გამო, მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხართ, ერთ რამეს გეტყვით, დედიკოს მიმიხედეთ, რადგან ემიგრანტი მყავს და ძალიან მიყვარხართ ერთი დიდი ოჯახი ვართ ყველა.”- თქვა ანრი კვარაცხელიამ.
ცნობისთვის, 25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ის თანამშრომლისთვის სროლას ედავებია, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.