ანგარიშსწორება გორში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის - "გამაოგნებელი ბრალდებებია, დაკავებულებიდან 3 პირი დაპირისპირებულს აშველებდა"
სისხლიანი ანგარიშსწორება გორში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის - პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმის და წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებული 5 პირი სასამართლო პროცესის მოლოდინშია. სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება.
"პირველების" ინფორმაციით, არც ერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. როგორც ადვოკატი აცხადებს, ხუთი ბრალდებულიდან სამი დაპირისპირებულ მამაკაცებს ერთმანეთისგან აშველებდა, ამიტომაც მისი თქმით, მათ მიმართ წაყენებული ბრალი სრულიად აბსურდულია.
5-ვე ბრალდებულის ინტერესებს ვიცავ მე. სრულიად გამაოგნებელი ბრალდებებია. ისეთ ადამიანებს აქვს წარდგენილი ბრალდება, რომ თითქოს პოლიციელებზე ჯგუფურ თავდასხმაში, ასეთია 5-დან 3, რომლებსაც გაშველების გარდა არანაირი მონაწილეობა ინციდენტში არ მიუღიათ", - ამბობს ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, დაპირსპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა სამართალდამცავებმა გააჩერეს მანქანა, რომელსაც მართვის მოწმობის არმქონე 15 წლის ბიჭი მართავდა, თუმცა ადგილობრივებს სხვა ვერსია აქვთ და ამბობენ, რომ პოლიცია სახლში შეეჭრა ადგილობრივის ოჯახს, სადაც ერთ-ერთი დაკავებულის მამის გარდაცვალების წლისთავი იყო.
მომხდარის შედეგად დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი - მათ გამოძების ინფორმაციით, დაზიანებები დანით და ცულით აქვთ მიყენებული. ცხვირის მოტეხილობა აქვს ასევე კიდევ ერთ სამართალდამცველს.