გიორგი ბაჩიაშვილი საკანში მისი ცემის ფაქტზე გამოკითხეს - ბიზნესმენი ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივებას ითხოვს

18.07.25 15:22
გიორგი ბაჩიაშვილი საკანში მისი ცემის ფაქტზე გამოკითხეს - ბიზნესმენი  ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივებას ითხოვს

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივებას და მის ამოღებას ითხოვს. 

ეს მოთხოვნა ბიზნესმენმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში შესულ გამომძიებლებსაც გაუჟღერა.

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ციხის სამარტოო საკანში ფიზიკურად გაუწორდნენ, სამკურნალო დაწესებულებაში დღეს გამოკითხეს.

ადვოკატების თქმით, საკანში ბაჩიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამომძიებლისთვის ინფორმაცია ისეთი სიზუსტით იქნა მიწოდებული, რომ ის უწყებას სრულად აძლევს სურათის აღდგენის საშუალებას.

ბაჩიაშვილმა უფრო დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომლებიც მოხდა იზოლატორში, მისი ტრანსპორტირებისას, „ვივამედში“ და უკან მისი დაბრუნებისას. საქმეში ახალი ფიგურანტები არ არიან, თუმცა დაზუსტებულია გარკვეულ პირთა ვინაობა. მან კიდევ ერთხელ დააყენა მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერები დაარქივდეს და ამოიღონ, რათა სურათი უფრო ობიექტური იყოს. ინფორმაცია ისეთი სიზუსტით არის მიწოდებული, რომ ის გამოძიებას სრულად აძლევს სურათის აღდგენის საშუალებას. ჩვენთვის უცნობია, ახლა რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება,“ - განაცხადა დავიოთ ჯანდიერმა. 

ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს, მისი წარმომადგენლები მონიტორინგისთვის გიორგი ბაჩიაშვილთან შევიდნენ.

„მე ვაპირებ დავრეკო სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე და საჯაროდაც მინდა მოვუწოდო სახალხო დამცველს, შაბათს და კვირას მისი წარმომადგენლები მონიტორინგისთვის შევიდნენ გიორგი ბაჩიაშვილთან,“ - განაცხადა მან.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის კიდევ ერთი ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით,  თითქმის 5 საათიანი გამოკითხვის შემდეგაც კი გამომძიებლისგან ვერ მიიღეს ამომწურავი პასუხი, ამოღებული და დაარქივებული არის თუ არა კამერების ჩანაწერები. 

გაირკვა, რომ ნაცემი ბიზნესმენის უფლებადამცველები ორშაბათს განცხადებით მიმართავენ საქართველოს პროკურატურას და გიორგი ბაჩიაშვილის დაზარალებულად ცნობას მოითხოვენ. 

ჩვენი მოთხოვნა იყო და რჩება, რომ ამ საქმეზე გამოძიება ჩაატაროს საქართველოს პროკურატურამ, ვინაიდან გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაში საუბარია იგივე ციხის დირექტორის და ერთ-ერთი თანამშრომლის შესაძლო მონაწილეობაზე. აღნიშნული ასევე დავაფიქსირეთ გამოკითხვის ოქმში. თავად გამოკითხვა იყო ძალიან დეტალური, თითქმის 5 საათი გრძელდებოდა. ყველა დეტალი, მათ შორის ისეთი ნიუანსები, რომლებიც, შესაძლოა, თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში არ ეწერა, სრულად მიაწოდა გამომძიებელს. ცხადია, დავინტერესდით, ამოღებული და დაარქივებული არის თუ არა კამერების ჩანაწერები, რაზეც ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ, ხოლო მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სანამ გიორგი დაზარალებულად არ იქნება ცნობილი, ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენთ და სამართლებრივად ამ ინფორმაციის მოთხოვნა არ შეგვიძლია… ვაპირებთ, რომ ორშაბათს განცხადებით მივმართოთ საქართველოს პროკურატურას და თუ მანამდე არ მოხდება გიორგის დაზარალებულად ცნობა, უკვე ამ ჩვენების საფუძველზე მოვითხოვთ მის დაზარალებულად ცნობას და შესაბამისად, საქმის გაცნობას“, - განაცხადა მახარაშვილმა.

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება გამომძიებელმა უკომენტაროდ დატპვა. 

  • ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.

მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

მსგავსი სიახლეები