"დედა! მალე სახლში ვიქნები, ნუ განიცდი" – რუსეთში უვადოდ დაპატიმრებული ქართველი მებრძოლი კონტაქტზე გამოვიდა
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რუსეთის ტყეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, 24 წლის მამუკა გაწერელია ორთვიანი უკონტაქტობის შემდეგ საქართველოში მყოფ მშობლებს რუსეთის კოლონიიდან ადვოკატის მეშვეობით დაუკავშირდა.
მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე ამბობს, რომ ადვოკატმა მისი შვილი მორდოვეთის რესპუბლიკის კოლონიაში, "დუბრავლაგში" 17 ივლისს ნახა.
"დედა! მეც ძალიან მენატრები. მალე სახლში ვიქნები, ნუ ნერვიულობ, ნუ განიცდი.
გამარჯობა, ძმაო, ჯანმრთელობის მხრივ როგორ ხარ? რაც შეეხება წერილებს, ახლა შეფერხებაა. თანამშრომლები შეიცვალნენ და ახლები ჯერ ვერ აბამენ თავს. მალე ყველაფერი მოგვარდება. მე კარგად ვარ. ყველა ნორმალურად მექცევა. რო რამე, შემიძლია საკუთარი თავის დაცვა. ასე რომ, ამის გამო არ შეგეშინდეთ.
მა, გთხოვ, შედი ინტერნეტში, მოძებნე ყველაზე კარგი წიგნები სკანდინავიის თემატიკაზე და მათი სია გამომიგზავნე [...]" - წერს მამუკა გაწერელია.
უკრაინაში მებრძოი საქართველოს მოქალაქის დედა ამობს, რომ ოჯახმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა. მათგან 2024 წლის თებერვალში პასუხიც მიიღო, როდესაც განუცხადეს, რომ "საკითხზე მუშაობა" დაწყებული იყო, თუმცა ამის შემდეგ ახალი ინფორმაცია არ მიუღია.
უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლს, აფხაზეთიდან დევნილ 24 წლის მამუკა გაწერელიას პუტინის რეჟიმმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ახალგაზრდა კაცი ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა.
რუსეთში უვადო პატიმრობა მისჯილი ქართველი მებრძოლის ოჯახი უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თითქმის 3 წელია სთხოვს.