ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა GRU-ს დანაყოფებს და დაზვერვის 18 ოფიცერს უკრაინასა და საქართველოში კიბერთავდასხმისთვის

19.07.25 13:51
ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა GRU-ს დანაყოფებს და დაზვერვის 18 ოფიცერს უკრაინასა და საქართველოში კიბერთავდასხმისთვის

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის საერთო სადაზვერვო სამმართველოს (GRU) 3 დანაყოფს და სამხედრო დაზვერვის 18 ოფიცერს როგორც უკრაინაში, ისე 2018 წელს საქართველოში განხორციელებული კიბერთავდასხმისთვის.

  • ბრიტანეთის თანახმად, სანქცირებულები არიან:  GRU-ს ხელმძღვანელი პირები: დიმიტრი მიხაილოვი, ალექსეი მორენეცი, სერგეი მორგაჩოვი, ვიქტორ ნეტიკშო, ევგენი სერებრიაკოვი, იური შიკოლენკო.
  • ასევე სანქცირებულები არიან ალექსეი ლუკაშევი, ივან ერმაკოვი და GRU-ს 26165-ე დანაყოფი. მათი სანქცირება უკავშირდება იულია სკრიპალის კუთვნილი ელექტრონული ფოსტის ანგარიშებზე თავდასხმას 2013 წელს.

ირკვევა, რომ GRU-ს ქვედანაყოფმა 74455 2018 წელს მასშტაბური კიბერთავდასხმა განახორციელა საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და მაუწყებლების ვებგვერდებზე. 

დიდი ბრიტანეთი ხაზს უსვამს GRU-ს 26165-ე დანაყოფის როლს მარიუპოლისა და ხარკივის მოქალაქეთა თავშესაფრების შესახებ ონლაინ დაზვერვის ჩატარებაში 2022 წლის 15 მარტს. 2022 წლის 16 მარტს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლის თეატრზე საარტილერიო დარტყმები განახორციელეს. შედეგად დაიღუპა თავშესაფარში მყოფი ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები..