ევროპარლამენტი არ აღიარებს დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეულს - ნინო დოლიძე
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარის, ნინო დოლიძის განცხადებით, ევროპარლამენტის დღევანდელი განცხადება მკაფიო და ნათელი დადასტურებაა, რომ ის არ აღიარებს დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეულს.
- ევროკაშირის 27 სახელმწიფოს დეპუტატების სახელით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, პირდაპირ წერია, რომ ქართული ოცნების მთავრობას ევროპარლამენტი არ აღიარებს. ევროკავშირის მთავარი საკანონმდებლო ორგანო ცხადად ამბობს, რომ ვიდრე არ იქნება სამართლიანი არჩევნები და ვიდრე "ოცნება" მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.
დოლიძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
არაერთხელ მოგვისმენია კრიტიკა "ქართული ოცნების" ნაბიჯებთან დაკავშირებით, თუმცა ის განცხადება, რაც ახლა ვიხილეთ, არის ძალიან მკაფიო, ნათელი და ფაქტობრივად დადასტურება იმისა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, ფაქტიურად წარმოუდგენელია საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზის გაგრძელება. მკაფიოობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან "ქართული ოცნება" მუდმივად ცდილობს საკუთარი ამომრჩევლის თუ მხარდამჭერის შეცდომაში შეყვანას და იმის მტკიცებას, რომ ისინი თითქოს კვლავ ადგანან ევროპულ გზას და უბრალოდ ზოგიერთი ადამიანი თუ ევროპარლამენტარი აკეთებს ამ განცხადებას. ჩვენ მოვისმინეთ ინსტიტუციის მთლიანი განცხადება. "ქართულმა ოცნებამ" უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მის ნაბიჯებზე და დაუთმოს ქართველ ხალხს საკუთარი მომავალი. აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები ახალი არჩევნებისთვის", - აცხადებს ნინო დოლიძე.