სტიქიიდან ხუთი თვე გავიდა - გურიაში დაზარალებულებს დახმარება ისევ არ მიუღიათ
სტიქიური უბედურებიდან ხუთი თვის შემდეგაც, გურიის რეგიონში დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება არ მიუღია. მიუხედავად მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებებისა, მოქალაქეები, რომლებიც სახლების გარეშე დარჩნენ ან საცხოვრებელი სერიოზულად დაუზიანდათ, შესაბამის კომპენსაციას ისევ ელიან.
"პირველებმა" გაარკვიეს, რომ დაზარალებული ოჯახების ნაწილთან კომისიაც კი არ მისულა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გეგმავენ მილიონობით ლარის ღირებულების თუნუქის სახურავის შეძენას ტენდერის გარეშე, თანაც იდენტური ტექსტით შედგენილი დოკუმენტებით, სადაც პირდაპირ წერია, რომ ზუსტი რაოდენობა დაზარალებულებისა ჯერ კიდევ უცნობია.
სტიქიის ზონაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ დახმარებას ამ დრომდე ელიან, თუმცა უშედეგოდ.
სტიქიამ სახურავი ჩამიტეხა, თან მეუღლე დავკარგე ამის გამო. არავინ მოსულა ჯერჯერობით, თან ეს მეწყრული ზონაა და რავიცი, - ამბობს ადგილობრივი.
თებერვალში გვაზიანა სტიქიამ. იყო კომისია მოსული მაისში. აგერ მეზობელს ყველაფერი დაუნგრია, მაგრამ არავინ მოსულა, არავის არაფერი მოუტანია ჯერ, - ამბობს კიდევ ერთი ადგიობრივი.
სახლის გარშემო მიწა სულ წასულია. დაგვპირდნენ, მაგრამ ჯერ რავიცი, - ამბობს სტიქიის ზონაში მცოვები.
შეგახსენებთ, რომ დამანგრეველი სტიქია გურიაში თებერვლაში მოხდა. დიდთოვლობამ სამი ადამიანი იმსხვერპლა, დანგრეულია ათობით სახლი.