"ტვ პირველის" ინფორმაციით, პირი, რომელიც 19 ივლისის აქციაზე რუსულ ენაზე მოსაუბრე პროვოკატორებს იცავდა, გდდ-ს თანამშრომელია
"ტვ პირველმა" დაადგინა, რომ პირი, რომელიც შაბათს, 19 ივლისის აქციაზე რუსულ ენაზე მოსაუბრე პროვოკატორებს იცავდა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.
19 ივლისს, ხალხმრავალი აქციიის დაწყებიისთანავე, სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეებმა, დემონსტრანტებს აგინეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამ პროვოკატორებთან ერთად ვიდეომასალაში ჩანს გდდ-ს სადაზვერვო განყოფილების თანამშრომელი, რომელიც დაპირისპირების შემქმნელ ჯგუფს ჯერ აფთიაქში მალავს, შემდეგ კი ტერიტორიიდან გაჰყავს.
"შაბათის ეთერისთვის" ცნობილი ხდება, რომ სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პირი, რომელსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდა, მამუკა ასათიანია.
რა უნდოდა გდდ-ს მზვერავს 19 ივლისს აქციაზე, ამის გასარკვევად "პირველები" დღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა, თუმცა ადგილზე "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფის არცერთ კითხვას არ უპასუხეს.