მკვლელობა ბათუმში - ბრალდებულები საქართველოში თურქეთიდან შემოიპარნენ

21.07.25 13:13
მკვლელობა ბათუმში - ბრალდებულები საქართველოში თურქეთიდან შემოიპარნენ

ბათუმში, რესტორან "გრილში" მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, 40 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, საქართველოს საზღვარი ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთეს. 

განცხადების თანახმად, ამჯერად დაკავებულები თურქეთუს რესპუბლიკიდან შემოიპარნენ. განცხადებაში არ არის საუბარი, სად შეიძინეს ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალია, რომელზეც ქართული გამოძიება საუბრობს: 

საქმის მასალების მიხედვით, 18 ივლისს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ასევე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქის მიმართ,  ერთ-ერთი დაზარალებული გარდაიცვალა, ხოლო მეორე სიკვდილს გადაურჩა.

პროკურატურის ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებულ კაცთან ერთად, შემთხვევის ადგილზე, კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, იცოდა, თუმცა სამართალდამცავებს არ შეატყობინა. მეტიც გამოძიების ინფორმაციით, ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილიდან მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად გაიქცა: 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა 18 ივლისს, ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოვიდნენ.

იმავე დღეს ბათუმში მდებარე რესტორანში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ასევე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქის მიმართ, შემდეგ კი თანმხლებ პირთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა. სროლის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული გარდაიცვალა, ხოლო მეორე სიკვდილს გადაურჩა. 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ,  მომხდარი სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.  ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ორი ან მეტი მიმართ), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძნა, შენახვა, ტარება), 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მეორე პირს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ"- წერია განცხადებაში. 

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება უკვე წარუდგინა.