ადვოკატები სინდისის პატიმრების პროცესზე ეუთო/ოდირის დამკვირვებლების დაშვებას მოითხოვენ - რას იზამს მოსამართლე გალუსტაშვილი
დაუშვებს თუ არა სინდისის პატიმრების საქმის განხილვაზე ეუთო-ოდირის დამკვირვებლებს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი? 11 პირის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.
პირველი შუამდგომლობა, რომელსაც ადვოკატები სხდომის გახსნისთანავე დააყენებენ, მონიტორების დარბაზში დაშვებაა.
- უკვე რამდენიმე თვეა ეუთო-ოდირის საერთაშორისო დამკვირვებელებს გახმაურებული საქმეეების განხილვაზე დასწრება უნდათ, თუმცა "ქართული ოცნება" მათ თანხმობას ამ დრომდე არ აძლევს.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია და მათი დასკვნა არის ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი. ჩვენ მათ მიმართ გვაქვს ნდობა და მათი სურვილი და აუცილებლობა, რომ დაესწრონ სხდომას და ამის გაუთვალისწინებლობა, პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს სურს დამალოს რალობა, რაც ხდება კონკრეტულ სასამართლო დარბაზში. სწორედ ეს იყო მიზანი, მათ შორის მედიის აკრძალვის შენობაში. თესავენ პროპაგანდას საზოგადოებაში, რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავეები. სინამდვილეში გავიდა 7 თვე და არცერთი პოლიციელი არ მოსულა და არ უთქვამს, რომ ამ ადამიანებმა დამარტყეს ხელი ან იძალადეს, შესაბამისად, ეს ყველაფერი გვიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ სასამართლოს სურს დამალოს ეს ყველაფერი, არ გაიგოს საზოგადოებამ და არ გაიგოს საერთაშორისო დამკვირვებლებმა ", - ამბობს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი.
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლების სხდომაზე დაშვების შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოება გაიგეს, თუ რამდენად პოლიტიკურად მოტივირებულია ის ბრალი, რაც სინდისის პატიმრებს აქვთ წარდგენილი და სწორედ ამიტომ ეშინია "ოცნებას" მონიტორების სხდომაზე დასწრების.
თუ საერთაშორისო დამვკვირვებლები მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას, ნათალდ ნახავენ, რეალურად რატომ არიან სინდისის პატიმრები საბრალდებო სკამზე, რატომ არიან ისინი კვლავ უკანონო პატიმრობაში. ისინი დაინახავენ, რომ ამ საქმეს საფუძველი მხოლოდ პოლიტიკური მოტივაცია აქვს. ეს ეშინია ხელისუფლებას და ამის ეშინია სასამართლოს", - აცხადებს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.