არსებობს თუ არა კავშირი ლევან ჯანგველაძის და ლევან კაჭარავას შეკვეთილ მკვლელობებს შორის?
რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ლევან ჯანგველაძის და ლევან კაჭარავას, იგივე „ტილიკას“, მკვლელობებს შორის? - ქილერის მიერ ჩაცხრიული ბიზნესმენის ადვოკატი ბექა ბასილაძე ფიქრობს, რომ ორივე საქმეს შესაძლოა, ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავდეს.
ბასილაძის თქმით, დიდი ალბათობით, ლევან კაჭარავას მკვლელობა, რომელიც 2022 წელს წყნეთის გზატკეცილზე მოხდა, იმავე პირებმა დაგეგმეს, ვინც თბილისის ცენტრში, 2024 წლის 14 მარტს, ლევან ჯანგველაძის წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმა დააორგანიზეს.
ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ იდენტურ გარემოებებზე და გამოძიების გაჭიანურებულ მიმდინარეობაზე, რის უკანაც, მისი შეფასებით, კონკრეტული ინტერესები და მფარველი დგას.
იურისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართეს ლევან კაჭარავას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით.
მიმდინარე წლის 27 ივნისს მივმართეთ შს მინისტრს გელა გელაძეს და მოვითხოვეთ ლევან კაჭარავას მკვლელობის გაუხსნელ საქმეზე აუცილებლად ჩაატარებელი საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება. სამწუხაროდ, ახლადდანიშნულმა მინისტმა ისევე უგულებელყო ჩვენი საფუძვლიანი და სრულიად კონკრეტული მოთხოვნები, როგორც ამას მისი წინამორბედი ვახტანგ გომელაური აკეთებდა.
ლევან კაჭარავას მკვლელობა დაიგეგმა და განხორციელდა ოპერატიული სამსახურების უშუალო ჩართულობით. შსს-ს იმჟამინდელმა მესვეურებმა, იქნება ეს მინისტრი, კურატორი, მოადგილე, კრიმინალური პოლიციის თბილისის დეპარტამენტის თუ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსები, ხელი შეუწყვეს ორი მკვლელის მიმალვას და გამოძიების ჩიხში შეყვანას. ასევე არ გამოვრიცხავთ ამ პროცესში სხვა სახელმწიფო უწყებების იმჟამინდელი ხელმძღვანელი პირების, მათ შორის გენერალური პროკურორის, მათ შორის სუსის უფროსის ჩართულობას.
ტვ პირველის ეთერში გასული ინფორმაციის მიხედვით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური და მის მკველობასთან შესაძლო კავშირში მყოფი პირები გიორგი ჯოხაძე, ძმები მიქაძეები და ოთარ ფარცხალაძე, შესაძლოა, დაკავშირებულები იყვნენ ლევან კაჭარავას მკვლეობასთან.
ფაქტია, რომ მკვლელებს ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაციები, რაც შეუძლებელია, სახელმწიფო უწყებების გარეშე მიეღოთ. ფაქტია, რომ მკვლელებს შემთხვევის ადგილიდან გასვლაში დაეხმარნენ, ე.წ. მწვანე დერეფანი მოუწყვეს და ფაქტია, რომ საქმეზე აუცილებლად ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე ჩატარებული არ არის. შესაბამისად, ცხადია, რომ სამართალდამცავი უწყებების მიმართ იყო პირდაპირი დირექტივა. ვის შეიძლებოდა, გაეცა ეს პირდაპირი დირექტივა? ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება, განსაკუთრებით 2022 წლის ზაფხულის მდგომარეობით, რა გავლენების მატარებელი იყო ერთ-ერთი ზემოთ ხსენებული პირი, ამ შემთხვევაში ოთარ ფარცხალაძე. თუმცა, ჩვენ არაფერს ასე არ ვამტკიცებთ, კონკეტული ინფომაცია არ გვაქვს, - ამბობს ბექა ბასილაძე.