ვეფხია კასრაძე მოწმეს: რატომ არ დანიშნეთ ხმის ექსპერტიზა, რატომ ვზივარ ციხეში?
სინდისის 8 პატიმრის საქმეზე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, ლევან ბასილაძე გამოიკითხა. როგორც აღმოჩნდა, მას ბევრ საგამოძიებო მოქმედებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
ბასილაძე იყო ის ადამიანი, რომელმაც ვეფხია კასრაძის წინააღმდეგ ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულება, ვიდეოჩანაწერი დაათვალიერა, თუმცა, როგორც გაირკვა, აღნიშნულ მტკიცებულებაზე მას არანაირი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ ჰქონია.
მოწმემ ასევე თქვა, რომ ექსპერტიზა არ ჩატარებულა ხმასთან დაკავშირებით, რასაც ბუნებრივია ბრალდებულის გაღიზიანება მოჰყვა. კასრაძე როგორც მოწმეს, ასევე მოსამართლეს ხმამაღალი ტონით ეკითხებოდა, რატომ ზის ციხეში, რადგან არანაირი საგამოიძიებო მოქმედებები, მთავარ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, ჩატარებული არ არის.
ადვოკატი: გაქვთ მტკიცებულებები, რომ ეს ვიდეო მარტში არაა გადაღებული?
მოწმე: ვიდეოს შესახებ ოპერატიული ინფორმაცია მივიღეთ, რაც ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება. იქ იყო მითითებული გადაღების თარიღი, შემდეგ კი შინაარსიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე, რომ აღნიშნული საუბარი ჩაწერილი იყო 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით.
ადვოკატი: რის შესახებ მიიღეთ ინფორმაცია, თქვენ მიიღეთ ცნობა, რომ ეს ვიდეო იყო გამოქვეყნებული და არა გადაღებული.
მოწმე: ვთქვი უკვე.
ადვოკატი: თქვენ ხომ შეგეძლოთ დაგედგინათ ვიდეოს ზუსტი გადაღების დრო, ვიდეოში ჩანან სხვა ადამიანებიც და ხომ შეგეძლოთ გეკითხათ, როდის იყავით აქციაზე?
მოწმე: საჯარო სივრცეში, სადაც მიდის გადაღება, იღებენ ტელევიზიები, ტელეფონები, დაგვეკითხა ადამიანები? როგორ უნდა დაგვედგინა, როდის მოხდა. ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა დანაშულსი ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება, დაოქმება და გაკეტება შესაბამისი ჩანაწერის.
კასრაძე: რითი ადასტურებთ, რომ ჩვენის უბარი იყო?
მოწმე: ექსპერტიზით
ადვოკატი: რა იცით, რომ ვეფხიას ხმაა?
კასრაძე: რატომ არ დანიშნეთ [ხმის ექსპერტიზა], რატომ ვზივარ ციხეში?
მოწმე: ხმას ნუ უწევთ
კასრაძეს ხმის ტონის გამო შენიშვნა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმაც მისცა.
აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის პროცესზე პოლიციელი ლევან ბასილაძე იკითხება.
მან რამდენიმე ბრალდებულთან დაკავშირებით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები.
მისი თქმით, დაათვალიერა ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის შესახებ „იმედის“ facebook-გვერდზე განთავსებული ვიდეო.
ვიდეოში ისინი საუბრობდნენ კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებაზე, კალაძის ქონების დაზიანებაზე, როგორ უნდა მიესხათ ბენზინი მათ ქონებაზე... საუბრობდნენ დივერსიაზე“, - განაცხადა მოწმემ.
მისივე თქმით, ორივე პირის მიმართ მანვე დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები.