ორი მკვლელობა ერთი ხელწერით - რა კავშირია ლევან კაჭარავასა და ლევან ჯანგველაძის საქმეებს შორის
ოთარ ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე - ლევან ჯანგველაძის საქმის შემდეგ იგივე სახელები და გვარები კიდევ ერთ შეკვეთილ მკვლელობის საქმეში ჩნდება. ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობიდან 3 წლის შემდეგ დუმილი ოჯახმა დღეს დაარღვია. მოტივზე ვერ საუბრობენ, თუმცა ოჯახის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ორივე მკვლელობას ერთი დამკვეთი და საერთო ფიგურანტები ჰყავს.
ვის ინტერესში შედიოდა მსხვილი ბიზნესმენის ლიკვიდაცია? - ადვოკატის მტკიცებით, კვალი საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორამდე ოთარ ფარცხალაძემდე მიდის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრია. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ იურისტი ამბობს, რომ ლევან კაჭარავას მკვლელობა თავიდან ბოლომდე დაგეგმილი სცენარით წარიმართა. ქილერებს მსხვერპლის გადაადგილების შესახებ ჯერ ინფორმაცია მიაწოდეს, მკვლელობის შემდეგ მიმალვაში ხელი შეუწყვეს და მტკიცებულებები გაანადგურეს. ადვოკატი ბიზნესმენის მკვლელობის დამკვეთის თანამზრახველად მაშინდელ ძალოვნებს ასახელებს - სუს-ის უფროსს, შსს მინისტრს და გენ პროკურორს.