სიცოცხლისთვის საშიში სახლები თბილისში - ხალხი დახმარებას ითხოვს
პენსიონერ ქალს სახლი თავზე ენგრევა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. ნანა სარაშვილი, ისნის ქუჩის 2 ნომერში სიცოცხლისთვის საშიშ, ავარიულ კორპუსში ცხოვრობს. მდგომარეობა ადგილზე ძალიან რთულია, ჭერიდან სამშენებლო მასალა ცვივა, კედლები დაბზარულია, ისე წვიმს სახლში, როგორც გარეთ. ადგილობრივები კორპუსის ავარიულობაზე ჯერ კიდევ 2014 წლიდან საუბრობენ, შესაბამისად თბილისის მერიას ინფორმაცია აქვს, მაგრამ არ რეაგირებს.
არადა, ისნის ქუჩაზე მდებარე ამ საცხოვრებელ კორპუსს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. თუმცა პასუხისმგებლობას არც თბილისის მერია და არც ძეგლთა დაცვის სააგენტო იღებს. ხალხი ყოველწუთიერად ტრაგედიის მოლოდინშია. ისნის ქუჩა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ზონაა თბილისში, სადაც უამრავი ტურისტი და ბავშვი მოძრაობს. სახლის აივანი კი ისეთ კრიტიკულ ვითარებაშია არავინ იცის რა დროს ჩამოინგრევა. ადგილზე არ არსებობს არც გამაფრთხილებელი ნიშნები.