საბა სხვიტარიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს - სრულიად ამოვარდა პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი
სინდისის პატიმარ, საბა სხვიტარიძეს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, სხვიტარიძეს ბრალი პოლიციელზე თავდასხმიდან 120-ე მუხლის პირველი ნაწილით შეუცვალეს, რაც ზოგადად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი "ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ".
პროკურორმა პროცესზე თქვა, რომ სხვიტარიძეს, შესაძლოა, არ სცოდნოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო.
მუხლის გადაკვალიფიცირების გამო დაცვის მხარემ აღვეკთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ არ დააკმაყოფილა და სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა.
აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, მას ამავე დღეს, თავისუფლების მოედანზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებოდნენ.
ხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ არსებობს არაერთი საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომ საბა სხვიტარიძე დაკავების შემდეგ, სასტიკად სცემეს და წამებასთან გათანაბრებულ პირებებში ამყოფეს - ადვოკატის და ოჯახის თქმით, ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს, თუმცა საქმეზე არც ერთი მოძალადე არ დაუსჯიათ.