11 პირის საქმე - რიგით მესამე სპეცრაზმელი ადასტურებს, რომ მათ აქციაზე სპეციალური ნომრები ჰქონდათ მინიჭებული

24.07.25 15:54
11 პირის საქმე - რიგით მესამე სპეცრაზმელი ადასტურებს, რომ მათ აქციაზე სპეციალური ნომრები ჰქონდათ მინიჭებული

 

 

საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 11 პირის -ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე გდდ-ს თანამშრომელი გურამ კვირიკაშვილი დაიკითხა. სპეცრაზმელი ირწმუნებოდა, რომ  1 დეკემბერს აქციაზე დაზიანება მიიღო, კონკრეტულად კი პიროტექნიკა მოხვდა მხარში.

სინდისის 11 პატიმრის საქმეზე მიყვანილმა გურამ კვირიკაშვილმა დღეს დაადასტურა, რომ დარბევების დროს რუსთაველის გამზირზე მას სპეციალური ნომერი ჰქონდა მინიჭებული.

  • ცნობისთვის, გურამ კვირიკაშვილი რიგით მესამე სპეცრაზემლია, რომელმაც პროცესზე თქვა, რომ აქციაზე გდდ-ს თანამშრომლებს სპეციალური ნომრები ჰქონდათ მინიჭებული

მოწმე : მე მხვდებოდა ქვაც და ფიცარიც, უშუალოდ დაზიანება მივიღე პიროტექნიკისგან. თუ ამ ადამიანებს დაუდასტურთად ჯგუფური ძალადობა, მე მათთან მექნება პრეტენზია. თუ არ დაუდასტურდებათ, არ მექნება.

ადვოკატი: იცით თუ არა რამდენ დემონსტრანტს აქვს პირველ დეკემბერს ბრალი წარდგენილი?

მოწმე: არ დამითვლია, არც სახელები და გვარებები ვიცი 

ადვოკატი: ის თუ გახსოვთ პირველ დეკემბერს რომელიმეს თუ ედავებიან პიროტექნიკის სროლას?

მოწმე: არ წამიკითხავს. 

ადვოკატი: იყო თუ არა თქვენთვის ცნობილი რომ საქმის მასალების გაცნობის  უფლება გქონდა? 

მოწმე: დიახ.

ადვოკატი: გაეცანით? 

მოწმე: არა.

ადვოკატი: რატომ?

მოწმე: ვენდობი გამოძიებას.

ადვოკატი: ვიდეომასალაში თქვენი თავის ამოცნობა შეგიძლიათ? 

მოწმე: ვიდეოდან საკუთარ თავს ვერ ამოვიცნობ.  აღჭურვილობის და ჩაცმის სპეციფიკის გამო. 

ადვოკატი: სად გეწერათ ნომერი?

მოწმე: ინდივიდუალურია, ავთანდილ მამალაძემ მომანიჭა, როცა ეკიპირება მომცა  მაშინ მომანიჭეს ნომერი, ჩაფხუტზე მაწერია, ოღონდ შიგნიდან. 

ადვოკატი: თქვენ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზე ხართ დანაშაულად ცნობილი თუ ჯგუფურზე ? 

მოწმე: ჯგუფურზე.

ადვოკატი: ვინ იძლეოდა ბრძანებებს აქციაზე?

მოწმე: არ ვიცი… არც ის  ვიცი ვის შეიძლება გაეცა ბრძანება ან იყო თუ არა ბრძანების გამცემი ჩემი უშუალო ხელმძღვანელი. ჩვენს უკან იდგნენ პირები, რომლებსაც ჰქონდათ რადიო კავშირი და გასცემდნენ ბრძანებებს. ახლოს ვიყავი რადიოკავშირთან და მესმოდა.

ადვოკატი: ვისი ხმა ისმოდა რაციაში? 

მოწმე: არ ვიცი ხმაზე ვერ ვიცანი.რადიოკავშირის ხმით შეიძლება ვერ ვიცნო ადამიანი თან ხმაური იყო.

ადვოკატი: რადიოკავშირი ვის ეკავა?

მოწმე: არ ვიცი.

ადვოკატი: თქვენი ყველა მოძრაობა იყო თვითნებული?

მოწმე: თვითნებური არა, ჩვენ ვიცით, რა უნდა ქნათ

ადვოკატი: როცა დაიძარით, მას შემდეგ მიიღეთ თუ არა რაიმე ბრძანება,  არ მიგიღიათ მითითება უფროსისგან?

მოწმე: მითითებას ვიღებდით გადანაწილებაზე.

ადვოკატი: ვისგან?

მოწმე: არ ვიცი ხომ გითხარით. ხმით გამოცდობა არ შემიძლია

ადვოკატი: შესაბამისად არ იცით, ვინც გაძლევდათ მითითებას, იყო თუ არა თქვენი ხელმძღვანელი, ხომ ასეა?

მოწმე - დიახ.

ადვოკატი: დაშლის ბრძანება ვინ გასცა?

მოწმე: დემონსტრაციას არავინ შლის, ეს არის მართლწესრიგის აღდგენაა.

ადვოკატი: თქვენთვის არის ეგრე, ჩემთვის დაშლაა, კანონისმიერი ტერმინია...მართლწესრიგის აღდგენა, აქციის დაშლის გარეშე ხდება?

მოწმე: მართლწესრიგის აღდგენის ბრძანება ვინ გასცა, ჩემთვის არ არის ცნობილი.

ასევე ნახეთ: 

ადვოკატების თქმით, რადგან გდდ-ს თანამშრომლები ადასტურებენ, რომ სპეცრაზმელებს სპეციალური ნომრები ჰქონდათ მინიჭებული, რთული გასარკვევი არ უნდა იყოს იმ სპეცრაზმელების ვინაობის დადგენა, რომლებსაც სამოქალაქო აქტივისტები სასტიკ ძალადობაში, მუქარასა და შეურაცმყოფელ მიმართვებში ადანაშუალებენ.  

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.