"არსებობს მტკიცებულება, ვიდეო, რომ ტრაქტორი კედლებს ძლივს ანგრევს და გვეუბნებიან, ვითომ ავარიული კორპუსია" - გამოსახლებული
თვალჭრელიძის პირველი ნომრიდან გამოსახლებულები ამბობენ, რომ საერთო საცხოვრებელის შენობა სინამდვილეში ავარიული არ ყოფილა და ამის მტკიცებულებაც არსებობს.
ადგილობრივის თქმით, გადაღებული აქვს ვიდეო, სადაც ჩანს, ტრაქტორს როგორ გაურთულდა კედლების ჩამონგრევა.
"ხელოვნურად უნდათ შექმნან დაზიანება, ვითომ მართლა ავარიულია" - ამბობს ადილობრივი.
არაფორმალურად მოგვიწია გარეთ გამოსვლა იმის გამო, რომ თურმე არის ავარიული კორპუსი და არსებობს მაგის მტკიცებულებები, რომ ნახევარი საათი "ეჩალიჩებოდა" ტრაქტორი კედლებს მოსაშლელად. გუშინ მთელი ღამე აქ გავათენეთ, არ გაუჩერებიათ ტრაქტორები, იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვნურად უნდათ შექმნან დაზიანება, ვითომ მართლა ავარიულია", - ამბობს გამოსახლებული.
ცოტა ხნის წინ თვალჭრელიძის ქუჩაზე ხმაური იყო - დასანგრევად გამზადებულ შენობასთან კომპანიის წარმომადგენელი გამოჩნდა.
გიორგი ჩაფიძემ თქვა, რომ ყველა ადამიანთან სასაუბროდ მზად არის, თუმცა ვერ უპასუხა გამოსახლებულების კითხვას, სად უნდა იქირაონ ბინა შეთავაზებული 700 ლარით 3-4 სულიანმა ოჯახმა.