"გიორგიმ სრულყოფილად ამხილა საგამოძიებო ორგანო" - ახობაძის ადვოკატი
"გიორგი წარსდგა მოსამართლის წინაშე და სრულყოფილად ამხილა საგამოძიებო ორგანო" - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.
უფლებადამცველის თქმით, ბრალდების მხარეს, ფაქტობრივად, არცერთი უტყუარი მტკიცებულება არ აქვს საქმეში წარმოდგენილი.
გიორგის საქმეში ამგვარი ალტერნატივები არ არსებობს [განსხვავებით საბა სხვიტარიძის საქმისგან]. არის ან გამამართლებელი, არის ან გამამტყუნებელი, თუმცა უალტერნატივოა გამამართლებელი განაჩენი გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რა მოცემულობაც სისხლის სამართლის საქმეშია.
ფაქტობრივად არცერთი უტყუარი მტკიცებულება არ აქვს ბრალდების მხარეს წარმოდგენილი და ის რაც ე.წ. მტკიცებულების სახე მისცეს და მტკიცებულება არ არის, იმას რასაც მტკიცებულების სახე მისცეს და წარმოადგინეს ბრალდების მხარის წარმომადგენლებმა, პროცესზე ფაქტობრივად ყველა მტკიცებულებას პასუხი გასცეს ჩვენს მიერ და ზოგ შემთხვევაში ალტერნატიული ექსპერტიზითაც კი გაეცა პასუხი...
დაახლოებით ათგვერდიანი საბოლოო სიტყვით გიორგი წარსდგა მოსამართლის წინაშე და სრულყოფილად ამხილა საგამოძიებო ორგანო და ამხილა არა მხოლოდ თავისი გადასახედით, თავისი არა იურიდიული ენით, არამედ ფაქტობრივი გარემოებებით, არგუმენტებით და თეზისებით ჩამოუთვალა რაში დაუშვა შეცდომები საგამოძიებო ორგანომ და რომელ მომენტში რა გააკეთა," - განაცხადა ადვოკატმა.
დღევანდელ პროცესზე გიორგი ახობაძემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. მის საქმეზე განაჩენი 28 ივლისს, 10:00 საათზე გამოცხადდება.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.